ადვოკატები მარიანა ჩოლოიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ
ადვოკატები მარიანა ჩოლოიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატები პატიმრობიდან მის გათავისუფლებას მოითხოვენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ისინი ჩოლოიანისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობას დააყენებენ. ალტერნატივის სახით, ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლეს ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლება შესთავაზონ.

როგორც ადვოკატმა არჩილ შაბაშვილმა განაცხადა, ჩოლოიანს არანაირი ზეწოლა და შანტაჟი არ განუხორციელებია გარდაცვლილზე. მისი თქმით, დაცვის მხარე ამას დაამტკიცებს.

ამასთან, სასამართლოში იმყოფება საია-ს იურისტი რევაზ აჭარაძე. მისი თქმით, საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ჩოლოიანის მიერ დანაშაულის ჩადენას ამტკიცებს.

ჩოლოიანის გათავისუფლების შესახებ ადვოკატების შუამდგომლობის საპასუხოდ საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარე დღევანდელ სხდომაზე ჩოლოიანის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.

„სასამართლო რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გადაწყვეტს. იმის გათვალისწინებით, რომ დღესაც არსებობს კონკრეტული საფრთხეები, რომელითაც შესაძლებელია სამართალწარმოებას ხელი შეეშალოს, უშუალოდ ბრალდების მხარე კვლავ მოითხოვს, აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობა ძალაში დარჩეს. გარდა ამისა, მოხდება სასამართლოში უკვე წარდგენილი მტკიცებულებების დამტკიცება.

ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ საქმეზე ჩაინიშნოს არსებითი განხილვები.

საქმეში მოიპოვება დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენებები. ასევე ე.წ. ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ.

ბრალდებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეუფარდა.