ადვოკატები აცხადებენ, რომ დაკავების შემდეგ ევროპარლამენტარ ევა კაილის ჩვილი შვილის ნახვის შეზღუდული შესაძლებლობა მისცეს, სიცივეში ამყოფებდნენ, რაც წამება და ევროპული კონვენციის დარღვევაა
ადვოკატები აცხადებენ, რომ დაკავების შემდეგ ევროპარლამენტარ ევა კაილის ჩვილი შვილის ნახვის შეზღუდული შესაძლებლობა მისცეს, სიცივეში ამყოფებდნენ, რაც წამება და ევროპული კონვენციის დარღვევაა

კორუფციის ბრალდებით დაკავებული ევროპარლამენტარი ევა კაილი, ადვოკატის მიერ ელექტრონული სამაჯურის მოთხოვნის მიუხედავად, ციხეში დატოვეს.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევა კაილის დაკავების შემდეგ მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას,  არაერთხელ გააპროტესტეს პოლიციის განყოფილებაში არაადამიანური მოპყრობის ფაქტი და „შუა საუკუნეების“ პირობები, ვიდრე ყოფილ ევროპარლამენტარს ბრიუსელის გარეუბანში, ჰარენის ციხეში გადაიყვანდნენ.

დაცვის მხარემ ასევე დაგმო ის ფაქტი, რომ დაკავების შემდეგ ევა კაილის ჩვილ შვილთან ძალიან შეზღუდული შეხვედრის უფლება მიეცა. სოციალისტმა ევროპარლამენტარებმა წერილით მიმართეს ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას. ევა კაილის ადვოკატების განცხადებით, დაკავებული ყოფილი ევროპარლამენტარი საათების განმავლობაში სიცივეში, ანთებულ შუქთან ჰყავდათ და არ ეძლეოდა დაბანის საშუალება, რაც წამება და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაა.

ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ 10 დეკემბერს დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.