ადრიაშ ლასლო - USAID-ის დახურვის შემდეგ, ევროკავშირი ცენზურის მცდელობებს აძლიერებს
მას შემდეგ, რაც ტრამპმა USAID-ი დახურა, ევროკავშირი ცენზურის მცდელობებს აძლიერებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი ადრიაშ ლასლო წერს.
მისი თქმით, ევროკავშირის „დემოკრატიის ფარი“ და AgoraEU-ის პროგრამა იმავე მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დააფინანსებს.
„მას შემდეგ, რაც ტრამპმა USAID დახურა, ევროკავშირი ცენზურის მცდელობებს აძლიერებს. ევროკავშირის „დემოკრატიის ფარი“ და AgoraEU-ის პროგრამა იმავე მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დააფინანსებს. ეს უნდა შეწყდეს“, – წერს ადრიაშ ლასლო.
ამასთან, ადრიაშ ლასლო აზიარებს საკითხთან დაკავშირებით 2025 წლის 18 დეკემბერს ევროპარლამენტში თავის გამოსვლას, სადაც „დემოკრატიის ფარი“ გააკრიტიკა და მას მანიპულაციის ახალი ინსტრუმენტი უწოდა.
„ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიღო ცენზურისა და მანიპულაციის ახალი ინსტრუმენტები. ტერი ბერტონე, კომისარი, რომელმაც ილონ მასკის ცენზურა სცადა, თანამდებობიდან წავიდა, მაგრამ ახლა გვყავს ორი ახალი ცენზურის კომისარი – მაიკლ მაკგრატი და ჰენა ვირკუნენი, რომლებიც საგარეო ჩარევის საფრთხეს საბაბად იყენებენ“, – აღნიშნა ადრიაშ ლასლომ.
ევროპარლამენტარის თქმით, ახალი ინიციატივა, სახელად „დემოკრატიის ფარი“, სინამდვილეში ევროკავშირს დემოკრატიისა და ევროპელი მოქალაქეებისგან იცავს.
ლასლოს განცხადებით, ევროკომისია პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ქსელს აშენებს.
„ეს არის მიზეზი, რის გამოც ევროკომისია უარს ამბობს, გამოაქვეყნოს ბოლო წლების არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტები, რომელიც 17 მილიარდ ევროს შეადგენს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ადრიაშ ლასლომ აშშ-ის მაგალითიც მოიყვანა და თქვა, რომ ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციებმა, ჯორჯ სოროსის და სხვა ფონდებთან თანამშრომლობით, დაფინანსების ისეთი ქსელი შექმნეს, რომ შეუძლებელი გახდა მისი კონტროლი.
ლასლოს თქმით, სისტემა იმდენად კორუმპირებული აღმოჩნდა, რომ USAID-ის დახურვა გადაწყდა. ადრიაშ ლასლომ კოლეგებს მოუწოდა, დემოკრატიის დაცვა თუ სურთ, შეაჩერონ არასამთავრობო ორგანიზაციების საგარეო დაფინანსება.