ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნის წესებს აადვილებს
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნის წესებს აადვილებს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხედროების მიერ ცეცხლის გახსნის ახალი რეგულაციები შემოიღო. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

რეგულაციების თანახმად, სამხედროებს უფლება მიეცემათ მომაკვდინებელი ძალა გამოიყენონ ქურდებისა და კონტრაბანდისტების წინააღმდეგ, ისრაელის სამხედრო ბაზებიდან საბრძოლო მასალის ან იარაღის მოპარვის, სამხედრო ბაზებზე და პოლიგონებზე შეჭრის და ისრაელ-ეგვიპტის საზღვრის გასწვრივ კონტრაბანდის ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში.

წინა რეგულაციების მიხედვით, ისრაელელ სამხედროებს ცეცხლის გახსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ, თუ მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.

წესების ცვლილებას გამოეხმაურა ისრაელის პრემიერი ნაფტალი ბენეტი და აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციები ისრაელელ სამხედროებს საკუთარი თავისა და ქვეყნის უკეთ დაცვის შესაძლებლობას მისცემს.

ისრაელის სამხრეთ რაიონებში განთავსებულ სამხედრო ბაზებზე იარაღისა და საბრძოლო მასალების მოპარვის ფაქტები ხშირად ფიქსირდება, განსაკუთრებით ცეელიმის სამხედრო ბაზაზე. ასევე, დაუცველია სამხედრო პოლიგონები, სადაც დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალების ქურდობის ფაქტები ფიქსირდება.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მოპარული იარაღი და საბრძოლო მასალა, ხშირ შემთხვევაში, ისრაელის არაბი მოსახლეობის ხელში ხვდება, რაც დაძაბულობის ესკალაციის რისკს ზრდის.