ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავღანეთში, ბაგრამის ბაზასთან აფეთქებისას ერთი ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავღანეთში, ბაგრამის ბაზასთან აფეთქებისას ერთი ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა

ავღანეთში, ნატო-ს ავიაბაზასთან აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ავღანური მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ცნობილია, დაღუპულია ქალი, რომელიც აფეთქების დროს შემთხვევის ადგილთან ახლოს იმყოფებოდა.

ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი ბაგრამის ავიაბაზასთან ახლოს ამოქმედდა. ამასთან, შვიდმა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღების საშუალებით სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შეღწევა სცადა.

როგორც ცნობილია, თავდამსხმელთა სამიზნე ბაგრამის ავიაბაზა იყო. ავღანური მედიის ინფორმაციით, უცხოურმა პოლიციურმა ძალებმა თავდასხმა მალევე მოიგერიეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა.