ადგილობრივი მედიის ცნობით, ყირგიზეთში სპეცრაზმმა ყოფილი პრეზიდენტის დასაკავებლად მეორე შტურმი დაიწყო
ყირგიზეთში სპეცრაზმმა ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის დასაკავებლად მეორე შტურმი დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ამ მომენტისთვის 1000-მდე მხარდამჭერს ალმაზბეკ ატამბაევის საცხოვრებლის შესასვლელი აქვს ბლოკირებული. ისინი ცდილობენ, სპეცრაზმის წარმომადგენლები შენობაში არ შეუშვან.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ყირგიზეთის მოქმედი პრეზიდენტი სორონბაი ჟეენბეკოვი 8 აგვისტოს, დილის საათებში საგანგებო შეხვედრას გამართავს.
ყირგიზეთში, სოფელ კოი-ტაშში ალმაზბეკ ატამბაევის დასაკავებლად ოპერაცია 7 აგვისტოს, საღამოს საათებში დაიწყო. სოფელი დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ადგილზე შეკრებილმა ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა სპეცრაზმის წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს.
არეულობის დროს სპეცრაზმის ერთი წარმომადგენელი დაიღუპა, 43 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან სპეცრაზმის წარმომადგენლები და ადგილობრივი ჟურნალისტი. ხელისუფლება იუწყება, რომ ოპერაციის მსვლელობისას მხოლოდ რეზინის ტყვიებს იყენებენ. ალმაზბეკ ატამბაევის დაკავება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ატამბაევის დაკავების მიზეზი სასამართლოში მოწმის სტატუსით არგამოცხადებაა, სადაც უკვე სამჯერ დაიბარეს კრიმინალური ავტორიტეტის, აზიზ ბატუკაევის უკანონო გათავისუფლებასთან დაკავშირებით.