ადგილობრივი მედიის ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში ორი უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, აღმოსავლეთ უკრაინაში ორი უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. შტაბის ცნობით, 6 აპრილს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 14-ჯერ დაარღვიეს.
უკრაინული მხარის ცნობით, მოწინააღმდეგის მიერ გახსნილ ცეცხლს ერთი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა. კიდევ ერთი ჯარისკაცი დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად გარდაიცვალა.
აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება დაახლოებით ორი კვირის წინ გამწვავდა. უკრაინის ხელისუფლება კონფლიქტის ესკალაციაზე, პრორუსი მებრძოლების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის გახშირებულ დარღვევებსა და საზღვარზე რუსეთის ძალების მობილიზებაზე საუბრობს.