ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „პოლიციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „პოლიციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა და მხარი დაუჭირა „პოლიციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კანონპროექტის თანახმად: პირის ვინაობის ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან დადგენისას, პოლიცია უფლებამოსილი იქნება პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემები გადაამოწმოს სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში; პირის იდენტიფიკაციის საფუძვლებს ემატება შემთხვევა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირის მიერ მიწოდებული მონაცემები ან/და პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ შეესაბამება პირის ნამდვილ ვინაობას. ასეთ შემთხვევაში, პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებებს ემატება სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში მონაცემთა გადამოწმება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პოლიციელის მხრიდან იდენტიფიცირების განხორციელების შემთხვევაში ოქმის შედგენა აუცილებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუკი  დარღვევა დადგინდა ან რაიმე ტიპის სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობა არსებობს.

„სხვა შემთხვევაში, პირს უფლება ეძლევა სამი დღის განმავლობაში მიმართოს პოლიციას და მიიღოს დასაბუთებული პასუხი, რატომ მოხდა მისი იდენტიფიცირება“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

პროექტი, ასევე ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს: პოლიციას ენიჭება უფლებამოსილება, კანონმდებლობით დადგენილი წესით ფოტო-ვიდეო ტექნიკა დაამონტაჟოს/განათავსოს ასევე სასაზღვრო ზონასა და ზოლში და საზღვაო სივრცეში; შსს სისტემაში მისაღები კანდიდატი, სტაჟიორი, პრაქტიკანტი და დასაქმებული პირი, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე/სამოქალაქო პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ექვემდებარება შემოწმებას, რომლის წესსაც ამტკიცებს მინისტრი.

ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს პოლიციისთვის საქმიანობის ეფექტურობის გაძლიერება.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ახალი რეგულაცია იმ ფუნდამენტური პრინციპების ერთგული რჩება, რომლის მიხედვითაც საპოლიციო საქმიანობა უნდა მიმდინარეობდეს, შემოთავაზებული კანონპროექტი უნდა შეფასდეს როგორც პროგრესული.

„ასევე, ძალიან სასიხარულოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაგეგემილი აქვს იმ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, რომლის მეშვეობითაც პერსონალური მონაცემების დამუშავების თვალსაზრისით ხარვეზი არ გაჩნდება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.