„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიში არასრულწლოვან პატიმართა შემოწმების პროცედურისა და კრიმინალური სუბკულტურის პრობლემებზე მიუთითებს

13:54, 28.06.2018

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციურ დაწესებულებასა და N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებებში არასრულწლოვან პატიმართა შემოწმების მხრივ პრობლემებია,  – ამის შესახებ არასრულწლოვან და ქალ პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველისა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, შემოწმების დროს პატიმართა სრული გაშიშვლება ხდება, რაც შესაძლოა, დამამცირებელი და დამთრგუნველი იყოს.

ამასთან, ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობაზე.

„პრობლემებს შორის უნდა აღინიშნოს ე.წ. სრული შემოწმების პრაქტიკა პატიმართა მიმართებით, რა დროსაც ხდება მათი გაშიშვლების გზით შემოწმება. შემოწმებას აქვს ბლანკეტური ხასიათი, რაც გამოიყენება არასრულწლოვანი პატიმრების დაწესებულებაში მიღების ყველა შემთვევაში, კონკრეტული დასაბუთების გარეშე. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორიო სტანდარტებს“, – აცხადებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პროექტის კოორდინატორი ნინო ცაგარეიშვილი.

ანგარიშში ასევე საუბარია პატიმართა მიერ თვითდაზიანების მიყენების პრაქტიკაზე და ამ კუთხით არსებულ შესაძლო პრობლემაზე. აღნიშნულია, რომ დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად არასრულწლოვნებში სხეულზე დაზიანების 17 ფაქტი დაფიქსირდა. დოკუმენტებში ნაწილი თვითდაზიანებად, ნაწილი კი, საყოფაცხოვრებო ტრავმადაა დაფიქსირებული.

„N11 დაწესებულებაში 17 დაზიანებიდან 5 თვითდაზიანება და 11 ე.წ. საყოფაცხოვრებო ტრავმაა. დაზიანების ადგილი და ხასიათი წარმოშობს ეჭვს, რომ შესაძლოა, ის სხვა პირის მიერ იყოს მიყენებული. მართალია, დოკუმენტაციაში პატიმრების მიერ აღინიშნა, რომ უმრავლეს შემთხვევაში, ეს იყო საყოფაცხოვრებო ტრავმა, რაც შემთხვევით მიადგათ, მაგრამ თუ გავაანალიზებთ, წარმოიქმნება დასაბუთებული ეჭვი“ – განაცხადა ნინო ცაგარეიშვილმა.

ანგარიშში პრობლემურ საკითხად პენიტენციურ დაწესებულებაში კრიმინალური სუბკულტურის და არაფორმალური მმართველობის თემაცაა მოცემული.

უფლებადამცველებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის ანგარიშის საფუძველზე რეკომენდაციებიც მოამზადეს.

მსგავსი