ადამიანებს ბევრი საოცარი მსგავსება გვაქვს დედამიწის ერთ-ერთ პირველ არსებებთან — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ადამიანებს ბევრი საოცარი მსგავსება გვაქვს დედამიწის ერთ-ერთ პირველ არსებებთან — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

იმ მწირი ინფორმაციის საფუძველზე, რაც მათ შესახებ ვიცით, საკმაოდ განსხვავებულნი ჩანან. იდუმალი არსებები, რომლებიც ოკეანეში ნახევარი მილიარდი წლის წინ ბინადრობდნენ — უთავო, კიდურების არმქონე, თითქოს არამიწიერი ქმნილებები.

თუმცა, ახალი კვლევა სულ სხვა რამეზე მიუთითებს. სინამდვილეში, ედიკარული პერიოდის ბიოტას — ოკეანის უძველეს სიცოცხლის ფორმებს, რომლებიც დედამიწაზე 570-539 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ — რამდენიმე გენეტიკური მსგავსება უნდა ჰქონოდათ თანამედროვე მრავალუჯრედიან ცხოველებთან, მათ შორის ადამიანებთან.

„არც ერთ მათგანს არ ჰქონდა თავი ან ჩონჩხი. სავარაუდოდ, მრავალი მათგანი ზღვის ფსკერზე დაფენილ სამგანზომილებიან ხალიჩას ჰგავდა, მომრგვალო დისკოებს“, — ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის პალეობიოლოგი მერი დროსერი.

დროსერი დედამიწის შორეული წარსულის ამ უცნაურ ორგანიზმთა კვლევის სპეციალისტია.

ერთი წლის წინ მან ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოავლინა ერთი ასეთი ედიკარული არსება: Ikaria wariootia, დაახლოებით ბრინჯის მარცვლის ზომის უცნაური, ზოზინა ბურთულა, რომელიც შეიძლება ყველა ორმხრივ სიმეტრიული სხეულის მქონე ცხოველის უძველესი წინაპარი ყოფილიყო.

თუმცა, დღევანდელ ცხოველებთან ასეთი ახლო კავშირი ყველა ედიკარულ არსებას როდი ჰქონდა.

არსებობს ამ პერიოდის 40 აღიარებული სახეობა, მათ შორის ყველაზე სახელგანთქმულია კვერცხისებრი Dickinsonia და კიდევ ერთი, რომელსაც პრეზიდენტ ობამას სახელი უწოდეს; ნამდვილად არ არის ადვილი იმის დადგენა, სად იმყოფებიან ეს განმარხებული ფორმები სიცოცხლის ხეზე.

„ეს ცხოველები იმდენად უცნაური და განსხვავებულები არიან, რომ ერთი დათვალიერებით ძნელია მათი მიკუთვნება თანამედროვე ცოცხალ ორგანიზმთა რომელიმე კატეგორიისთვის, არც მათი დნმ-ის მოპოვება შეგვიძლია“, — ამბობს დროსერი.

როდესაც ამ ქმნილებათა გენეტიკური მონაცემების ანალიზი არ შეუძლიათ, მკვლევრები იძულებული არიან, ამ ორგანიზმთა ნამარხების მიერ დატოვებული კვალი შეისწავლონ. საბედნიეროდ, ეს უძველესი ანაბეჭდები შემორჩენილია და გარკვეულ ამბებსაც გვიყვება.

ახალი კვლევის ფარგლებში, დროსერმა და სმიტსონის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის პალეონტოლოგმა სკოტ ევანსმა, ედიკარიული ბიოტის ოთხი წარმომადგენელი შეისწავლეს: Dickinsonia, Ikaria, ლოქორას ფორმის Kimberella და ნახევარსფერული ბურთულას ფორმის Tribrachidium-ი.

ნამარხებზე დაკვირვებითა და იმაზე დაყრდნობით, თუ როგორ ამოძრავებდნენ ეს ქმნილებები სხეულს, ირჩენდნენ თავს და ზოგადად, როგორ ცხოვრობდნენ უძველესი ზღვის ფსკერზე, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ დიდი ალბათობით, ამ ცხოველებს ჰქონდათ ნერვული სისტემის ელემენტარული ფორმა, რომელსაც მხარს უჭერდა და არეგულირებდა იგივე სახის გენეტიკური მარეგულირებელი ელემენტები, რომლებიც დღემდე გამოიყენება თანამედროვე ცხოველებში, მათ შორის ადამიანებშიც.

„ეს ანალიზები წარმოაჩენს, რომ მრავალუჯრედიანობის, ღერძული პოლარობის, კუნთოვანი სისტემისა და ნერვული სისტემის გენეტიკური ბილიკები ზოგიერთ ამ ცხოველში უკვე წარმოდგენილი იყო“, — წერენ ავტორები.

მათივე განცხადებით, ერთობლიობაში, ეს თვისებები გვეხმარება რამდენიმე საკვანძო ედიკარიული არსების ფილოგენეტიკური პოზიციის უკეთესად განსაზღვრაში და გარკვეულ ცნობებს გვაწვდის მრავალუჯრედიან ცხოველთა ადრეული ევოლუციის შესახებაც.

ახალ კვლევაში ჯგუფმა წარმოაჩინა გენების ფართო სპექტრი, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინეს მრავალუჯრედიანობაზე, იმუნიტეტზე, ნერვებზე, აპოპტოზზე (დაპროგრამებული უჯრედული სიკვდილი), ღერძულ მახასიათებლებზე (რომლებიც განასხვავებს სხეულის მხარეებს, წინას უკანასგან ან მარჯვენას მარცხენისგან) და ა. შ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მართლაც უძველეს არსებათა შესახებ ჯერ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით, ბიოლოგია, რომელიც ჩვენ ყველას მილიონობით წლის განმავლობაში გვაერთიანებს, გვიჩვენებს, რომ ისინი არც ისე უცნაურნი ყოფილან, როგორც ერთი შეხედვით ჩანან.

„ის ფაქტი, რომ ეს გენები იმ ორგანიზმებშიც მოქმედებდა, რომლებიც ნახევარი მილიარდი წლის წინ გადაშენდნენ, პირადად ჩემთვის მომაჯადოებელია“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, სმიტსონის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის პალეონტოლოგი სკოტ ევანსი.

კვლევა Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.ucr.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.