„ადამი მედია პრიზი“ თბილისში ფილმის მონტაჟის მასტერკლასს ჩაატარებს
„ადამი მედია პრიზი“ თბილისში ფილმის მონტაჟის მასტერკლასს ჩაატარებს

„ადამი მედია პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ 5-7 დეკემბერს თბილისში ფილმის მონტაჟის მასტერკლასს ჩაატარებს.

ინიციატივაში მონაწილეობენ აზერბაიჯანული, სომხური და ქართული მხატვრული და დოკუმენტური ფილმების პროექტები, რომლებიც ეხება კულტურული მრავალფეროვნებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების საკითხებს.

მასტერკლასი ორგანიზებულია თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალთან და საქართველოს პირველ არხთან პარტნიორობის ფარგლებში.

საქართველოს პირველი არხის ტელეფილმების ხელმძღვანელის, კოტე ჯანდიერის თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია ევროპის კულტურულ პროცესებთან კავშირების თვალსაზრისით.

„ჩვენი ტელევიზიის ჩართულობა ასეთი სახის პროექტებში არის ძალიან მნიშვნელოვანი არამარტო კულტურული თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ეს არის პირდაპირი კავშირები აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების კულტურულ ელიტასთან, კულტურულ პროცესებთან და მათ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არის გარანტია, რომ კულტურული მრავალფეროვნება არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში გლობალიზაციის დროს არ იქნება ნიველირებული“, – განაცხადა კოტე ჯანდიერმა.

მასტერკლასს ცნობილი რეჟისორი პატრიცია რომელი ჩაატარებს.

„ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი გამოცდილების სხვისთვის გაზიარება. ამ შემთხვევაში კი ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან პროფესიონალებთან მიწევს მუშაობა. ბევრ ქვეყანაში მიმუშავია, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა, პალესტინა, თუმცა პირველად მიწევს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობა. ვნახოთ, რა იქნება. ეს ჩემი ახალი გამოცდილებაა“, – განაცხადა პატრიცია რომელიმ.

მასტერკლასის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჩვენებებს და ღონისძიებებს.