ადამ კინზინგერი დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს
ადამ კინზინგერი დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს

რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ადამ კინზინგერი კონსტიტუციის 25-ე მუხლის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობს. აღნიშნული მუხლი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვიცე-პრეიდენტისთვის გადაბარებას ითვალისწინებს.

„სამწუხაროდ, გუშინ აშკარა გახდა, რომ პრეზიდენტმა არა მხოლოდ უარი თქვა თავისი ხალხისა და სახალხო სახლის დაცვის მოვალეობის შესრულებაზე, არამედ მან აღძრა და გააღვივა ვნება, რომელმაც მხოლოდ გაამწვავა აჯანყება, რომელიც ვიხილეთ”, – აღნიშნა კონგრესმენმა.

მისი თქმით, ყველაფერი მიუთითებს, რომ პრეზიდენტი დაშორდა არა მხოლოდ თავის ვალდებულებასა და ფიცს, არამედ რეალობასაც.

მან მოუწოდა ვიცე-პრეზიდენტსა და კაბინეტის წევრებს, აამოქმედონ 25-ე შესწორება, რათა „მომდევნო რამდენიმე კვირა იყოს უსაფრთხო ამერიკელი ხალხისთვის“ და ქვეყანას ჰყავდეს „საღად მოაზროვნე კაპიტანი“.

„დროა, ავამოქმედოთ 25-ე შესწორება და დავასრულოთ ეს კოშმარი”, – აცხადებს ადამ კინზინგერი.

კონგრესმენის თქმით, ის, რაც გუშინ მოხდა, ბევრისთვის გამოსაფხიზლებელი ზარი იყო.

 

 

დატოვე კომენტარი