ადამ ბოელერი გიორგი გახარიასთან საუბარს „ტვიტერში“ ეხმაურება - მოუთმენლად ველოდები სტრატეგიული და ეკონომიკური ურთიერთობების შენების გზაზე საქართველოსთან თანამშრომლობას
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელი დირექტორი ადამ ბოელერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან საუბარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
ადამ ბოელერი სტრატეგიული და ეკონომიკური ურთიერთობების შენების გზაზე თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
„საქართველის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გასულ კვირას საუბრის შემდეგ, საქართველოში ჩვენს ელჩ კელი დეგნანს ვესაუბრე. მოუთმენლად ველოდები სტრატეგიული და ეკონომიკური ურთიერთობების შენების გზაზე საქართველოსთან თანამშრომლობას“, – წერს ადამ ბოელერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელ დირექტორ ადამ ბოელერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში DFC-ის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. განსაკუთრებულად აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის როლი საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის, პანდემიის პირობებში. ადამ ბოელერმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. მისი თქმით, ამ ბრძოლაში ხაზგასასმელია როგორც ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ისე საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევა. გიორგი გახარიამ ადამ ბოელერი საქართველოში მოიწვია.