ადა მარშანია - ყოველ ჩვენს გაბრძოლებას აქვს უდიდესი აზრი, სამშობლოს დაცვაზე უზენაესი საქმე არაფერია
ადა მარშანია - ყოველ ჩვენს გაბრძოლებას აქვს უდიდესი აზრი, სამშობლოს დაცვაზე უზენაესი საქმე არაფერია

ყოველ ჩვენს გაბრძოლებას აქვს უდიდესი აზრი, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე გამოსვლისას ალიანსის წევრმა, დეპუტატმა, ადა მარშანიამ განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, სამშობლოს დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა.

„თქვენ მხრებზე, თქვენ სინდისზე, თქვენს გულზე, თქვენ სისხლზე, ჩვენს ჯიშზე, ჩვენს მონდომებაზე, ჩვენს ბრძოლაზე დგას ეს ქვეყანა ჩვენი საყვარელი, ულამაზესი საქართველო. ამიტომ არც ერთი წუთი არ ვიფიქროთ, რომ ჩვენ აქ მოვედით, აქ ვიდექით, ბევრჯერ მოვედით, ბევრჯერ ვიდექით, ბევრჯერ დავდექით, მაგრამ მერე რა. არც ერთი წუთი არ ვიფიქროთ ასე. ყოველ ჩვენს გაბრძოლებას აქვს უდიდესი აზრი. პირველ რიგში, ჩვენი სინდისის წინაშე ვართ მართლები, რადგან ამაზე უფრო უზენაესი ამოცანა, საქმე, წადილი, რასაც ჰქვია სამშობლოს დაცვა, არც არაფერი არ არის. ეს არის ჩვენი წმინდა მოვალეობა, ეს არის ჩვენი ღვთიური მოვალეობა, ამიტომ ხართ თქვენ აქ“, – მიმართა ადამია მარშანიამ აქციის მონაწილეებს.

დეპუტატმა აქციაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის სწორი პოლიტიკური გზა სამხედრო მიუმხრობლობაა.

„ჩვენი აქ დგომით აფხაზეთი ბრუნდება, ეს ნამდვილად ვიცი, ჩვენ იმ ჭიშკარს შევაღებთ. ჩემი სახლის ჭიშკარს მე რომ შევაღებ, სრულიად საქართველო შეაღებს ჩემთან ერთად. ჩემ დამწვარ სახლს სოხუმში, კელასურში, თქვენ ერთად ახლად ავაშენებ, სრულიად საქართველო დაგვეხმარება ამაში, ვიცი, ეს მწამს, ეს მართლა ასე მოხდება. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ძალა ხელისუფლებას, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ძალა სრულიად საქართველოს, ეს უფრო მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარეობს ჩვენი მთავარი იდეა, მიზანი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ შემოგთავაზათ თქვენ, ეს არის სამხედრო მიუმხრობლობა. ეს პოლიტიკა დაგვაყენებს ჩვენ სწორ გზაზე, ეს პოლიტიკა მიგვიყვანს იმ ჭიშკრამდე, რომელიც უკვე 28 წელია ვერა და ვერ შევაღე, ჩემი სახლის ჭიშკარი. თქვენ ხართ სრულიად საქართველო და არა პარლამენტი და მთავრობა“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსმა“ დავით გარეჯის თემაზე აქცია გამართა.