ადა მარშანია - საზოგადოებას ვთავაზობთ იდეას, რომ საქართველო მიუერთდეს სამხედრო მიუმხრობლობის მოძრაობას
ადა მარშანია - საზოგადოებას ვთავაზობთ იდეას, რომ საქართველო მიუერთდეს სამხედრო მიუმხრობლობის მოძრაობას

საზოგადოებას ვთავაზობთ იდეას, რომ მსოფლიოს 140 ქვეყნის მსგავსად, საქართველო მიუერთდეს სამხედრო მიუმხრობლობის მოძრაობას, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ადა მარშანიამ თბილისის სპორტის სასახლეში განაცხადა, სადაც პარტია შეხვედრას მართავს.

მისი თქმით, საზოგადოებასთან პარტიის წარმომადგენელთა შეკრების მთავარი საკითხი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის თემა იქნება.

მარშანიას განცხადებით, ამ მიმართულებით როგორც საშინაო, ისე – საგარეო პოლიტიკაში, არასათანადო ნაბიჯები იდგმება ხელისუფლების მიერ. მისივე თქმით, პარტია გამოდის ინიციატივით, რომ საქართველო მიუერთდეს სამხედრო მიუმხრობლობის მოძრაობას.

„გვინდა, ამ საკითხიდან გამომდინარე, საზოგადოებას იდეა შევთავაზოთ, რომ საქართველო სხვა 140 ქვეყნის მსგავსად, შეუერთდეს სამხედრო მიუმხრობლობის მოძრაობას. ეს არის ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაცია. გაერო-ს შემდეგ ეს ორგანიზაცია ყველაზე წარმომადგენლობითი, მსხვილი და ცნობილია მსოფლიოში. ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი 2011 წელს შეუერთდა სამხედრო მიუმხრობლობის მოძრაობას. ვიცით, რომ აზერბაიჯანს, ისევე როგორც ჩვენ, თუმცა უფრო მძაფრად, აქვს კონფლიქტი თავისი ტერიტორიის ფარგლებში და ეს მრავლისმეტყველია. აზერბაიჯანი საინტერესო მაგალითია. გვინდა, ფართო საზოგადოების მხარდაჭერა ამ საკითხში”, – განაცხადა ადა მარშანაიამ.

მისივე თქმით, საზოგადოებასთან შეხვედრაზე პარტიის წევრები განიხილავენ, სოციალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს. მარშანიას განცხადებით, სოციალური საკითხების მოსაგვარებლად საჭიროა, სპეციალური სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა, რომელიც წელიწადში 10 ათასამდე ოჯახს წვრილი და საშუალო ბიზნესის შექმნაში უნდა დაეხმაროს. მისივე თქმით, შესაბამისი თანხის მობილიზება ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს.

„მაგალითად, თავდაცვის ბიუჯეტში არის სრული გაუგებრობა და პრიორიტეტები გვაქვს სერიოზულად არეული. ჩვენი ქვეყნისთვის 400-500 მილიონი ლარი არის უზარმაზარი თანხა ნატო-ში გადასარიცხად. მიგვაჩნია, რომ უმჯობესია, ამ თანხით გავაძლიეროთ ჩვენი მოსახლეობა ეკონომიკურად, ვიდრე გადავურიცხოთ ნატო-ს ბლოკს იმ იმედით, რომ ნატო ოდესმე დაგვეხმარება კრიზისულ ვითარებაში. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამით ჩვენს თავდაცვისუნარიანობას რამე დააკლდება”, – განაცხადა ადა მარშანიამ.

„პატრიოტთა ალიანსის” წევრის ინფორმაციით, ივნისში ოპოზიციური პარტია „სერიოზულ აქციას” გეგმავს და დღევანდელ შეხვედრაზე გახდება ცნობილი, თუ რას მიეძღვნება ეს აქცია.