ადა მარშანია პარლამენტის წევრებს - რა გამოცოცხლებაა დარბაზში, მოგცათ კარგი „პადაჩა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა?
ადა მარშანია პარლამენტის წევრებს - რა გამოცოცხლებაა დარბაზში, მოგცათ კარგი „პადაჩა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა?

რა გამოცოცხლებაა დარბაზში, მოგცათ კარგი „პადაჩა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა?, – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტის წევრებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას გამოსვლის დასრულების შემდეგ.

ამასთან, ადა მარშანიამ აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.

„რა გჭირთ, ხალხნო, ხუმრობით გეტყვით, არ გეწყინოთ. ვამპირები ხართ? მონსტრებისა და აჩრდილების გამოსვლის დროს რომ იკვებებით და ენერგია გემატებათ? ამაზე ხარჯავთ ენერგიას, შეძახილებს? თქვენ ერთმანეთს ასაზრდოებთ და ასეთი ოპოზიცია ჰყავს უვარგის ხელისუფლებას. არ უნდა ეკადრებოდეს პატრიოტს, მებრძოლს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნეს, პატიოსან, ჭკვიან ხელისუფლებას ასეთი ოპოზიცია, არ უნდა სჭირდებოდეს ასეთი ოპოზიცია. თქვენ ეს ხალხი გჭირდებათ. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რატომ არ ვაძლევთ ჩვენს ხმას მომავალ მთავრობის შემადგენლობას, რომელიც რა თქმა უნდა, იქნება დამტკიცებული, ამაში ეჭვი არ გვეპარება. მთავრობის დამტკიცებაში ჩვენ მონაწილეობას ცხადია, ვერ და არ მივიღებთ.

საქართველოს უახლოეს ისტორიაში ჩვენ მივიღეთ ორი უდიდესი კატასტროფა, დროებით დავკარგეთ სოხუმი და ცხინვალი. მეორე კატასტროფა – რაშიც შეიძლება არ დამეთანხმოთ, ეს ჩემი ღრმა რწმენაა, რომ მეორე კატასტროფა ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. მე სულ ახალი მაგალითი მივიღე გუშინ, როდესაც გუშინ შეკითხვა დავუსვი მომავალ პრემიერ-მინისტრს, აპირებთ თუ არა თქვენი კაბინეტის სხდომა ოკუპირებული ტერიტორიების მოკითხვით დაიწყოთ და იმ კონკრეტული გეგმის განხილვით, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ დღეს, რომ ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ დაკარგულ ტერიტორიებს. თქვენ მიპასუხეთ, რომ ეს არის პრიორიტეტი, რომ ეს არის უპირველესი საკითხი და ამაზე შევთანხმდით. ამ შეთანხმებასაც გარკვეული ძალისხმევა დასჭირდა თურმე. არ არის ეს ნორმალური, ეს ტრაგედიაა. რა გახდა ხალხნო, ერთი სხდომა მთლიანად მივუძღვნათ დაკარგულ ტერიტორიებს, ვერ მივაღწიეთ ამას. ეს არის კატასტროფა. თქვენ მე მიპასუხეთ ლითონი, ცივი, გულგრილი, ზოგადი ფრაზით და თქვენ ამ პასუხით იცით რა დამანახეთ, ის, რომ თქვენს გულში სოხუმი და ცხინვალი დაკარგული არ არის. თქვენ ამ თემას ისე, როგორც საჭიროა, არ გრძნობთ და ვერ გრძნობთ. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

დატოვე კომენტარი