ადა მარშანია - ოკუპაციის თემაზე საპარლამენტო მოსმენები უნდა დაიხუროს
ადა მარშანია - ოკუპაციის თემაზე საპარლამენტო მოსმენები უნდა დაიხუროს

ოკუპაციის თემაზე საპარლამენტო მოსმენები უნდა დაიხუროს, რადგან არ შეიძლება, ამ თემაზე ტელეკამერების წინ მატრაკვევობა იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ განუცხადა, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფი მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის მოსმენისას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომის დახურვას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, კომისიამ მუშაობა ნახევარი წლის შემდეგ დაიწყო, რაც ძალიან ცუდია.

„ყველაზე საჭირო და აქტუალური ეს კომისიაა, რომელიც პარლამენტში დღე და ღამე უნდა მუშაობდეს და აქამდე არ მუშაობდა. დღეს, ინფორმაციული და საჭირო შეხვედრა გაიმართა, ჩემთვის ახალი არაფერი თქმულა, რადგან თემები ვიცი, მაგრამ ისეთი სტატისტიკა მივიღეთ, რაზეც სამწუხაროდ, საუბარი საჯაროდ არ შეიძლება. სხდომა სწორად დაიხურა, რადგან შეფასებები ჟღერდება და სასურველი არ არის, ღია ეთერში ამ თემებზე ისაუბრო. საქმისთვის სასარგებლო პოზიციას თამამად ვერ შეაფასებ და გულწრფელად ვერ გამოთქვამ, რადგან მთელი მსოფლიო გისმენს”, – განაცხადა ადა მარშანიამ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს დახურულ რეჟიმში დღეს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს.