ადა მარშანია - ნიკა მელია მხოლოდ გადმოგდებული ბარტყია
ადა მარშანია - ნიკა მელია მხოლოდ გადმოგდებული ბარტყია

ბატონი მელია ნამდვილად არის დამნაშავე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არა მხოლოდ ბატონი მელიაა დამნაშავე და ის განტევების ვაცია, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ადა მარშანიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.

„ეს არ არის ჩვენი ვარაუდი, ან ეჭვი. ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდებოდა და ვნახეთ, რომ აშკარა იყო დადგმული სპექტაკლი და მოლაპარაკებული იყო მთელი ეს სცენები. ეს ყველაფერი ვერ განვითარდებოდა და ვერ დაიგეგმებოდა, თუ არა მმართველი ძალის ამ პროვოკაციაში მონაწილეობა. მმართველი ძალა არ ჩანდა. ცხადია, წინა პლანზე „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვარდა. ჩვენი საზოგადოების გულწრფელი აღშფოთება, ემოციები და პროტესტი გასაგებია, მაგრამ შემდეგ „ქართული ოცნების“ პოლიტელიტასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცადა, ჩვენთვის ბოლომდე აუხსნელი, ბნელი გეგმებისთვის გამოეყენებინა“, – განაცხადა მარშანიამ.

მისი თქმით, ნიკა მელია მხოლოდ გადმოგდებული ბარტყია.

„მმართველი პარტია სასტიკად არასწორად მოიქცა. იმიტომ კი არ მივეცით პარლამენტს ნებართვა, რომ ბატონი მელიას იმუნიტეტი შეჩერდეს, შერჩევითი სამართლის წინააღმდეგი წავედით. მყარად მიგვაჩნია, რომ მთელი ამ ტრაგედიის გამოძიება იმ ინციდენტის გამოძიებით უნდა დაწყებულიყო. პარლამენტის ახალი თავმჯდომარე უნდა გამოსულიყო წინადადებით, რომ იქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი შევა, რათა გამოვიკვლიოთ, რა მოხდა 20 ივნისს დარბაზში, როდესაც მაპ-ის მუშაობა დაიწყო. ეს ჯგუფი 21 ივნისსვე რომ შეგვექმნა, მოვლენების ასეთი ტრაგიკული განვითარება არ იქნებოდა“, – განაცხადა მარშანიამ.

მისივე თქმით, ნიკა მელიას აქტიური და დესტრუქციული მოქმედებები მთელმა ქვეყანამ ნახა, მაგრამ ასე არა მხოლოდ ის იქცეოდა.

„აი, ამაშია საქმე. ჩვენ ვხედავთ შერჩევითი სამართლის მკაფიო მაგალითს და ჩვენ ამან გაგვაბრაზა“, – განაცხადა მარშანიამ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ ახსნის ის იმ ფაქტს, რომ დღეს, ნიკა მელია დარბაზში მარტო იყო, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები კი კენჭისყრის პროცესს თვალს გარედან ადევნებდნენ, ადა მარშანიამ განაცხადა, რომ მათ გუნდის წევრი გაწირეს და „ევროპულ საქართველოს“, იგივე „ბოკერიას საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ პოლიტელიტას შორის უსამართლო გარიგება მოხდა.

„სამწუხაროდ და საუბედუროდ, ამ დღეებში ძალიან ცუდი ფაქტები გამჟღავნდება. დღეს, მე ეს ყველაფერი დავინახე და ეს არ მიხარია. თუ მმართველ ძალას „ბოკერიას საქართველოსთან“ ერთად ესკალაციის გაღვივება უნდა, ამ ესკალაციის გაღვივებას ძალიან სერიოზულად აღვუდგებით“, – განაცხადა მარშანიამ.

დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მკვლელებთან და სადისტებთან კოაბიტაციის დანაშაულებრივი პოლიტიკა შვიდი წლის განმავლობაში მოითმინეს და „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი უკვე, შეუძლებელი გახდა.

„უმჯობესი იქნება, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება არჩევნებამდე დატოვოს, რადგან მათი ჩატარებული არჩევნები ძალიან ცუდი, უსამართლო, გაყალბებული არჩევნები იქნება“, – განაცხადა მარშანიამ.