ადა მარშანია ნატო ჩხეიძის მიერ ფრაქცია „პატრიოტების“ შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს
ადა მარშანია ნატო ჩხეიძის მიერ ფრაქცია „პატრიოტების“ შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია ფრაქციიდან ნატო ჩხეიძის წასვლის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს. როგორც პირველ არხს მარშანიამ განუცხადა, ნატო ჩხეიძის გადაწყვეტილების შესახებ პირველად ესმის.

„არაფერი ვიცი, ეს პირველად თქვენგან მესმის. არც ფრაქციის შეკრება იყო, არც ნატო ჩხეიძე მოსულა და არც განცხადება გაუკეთებია“, – აღნიშნავს მარშანია.

იმ შემთხვევაში, თუ ნატო ჩხეიძე ფრაქციას დატოვებს, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ დაიშლება, რადგან რეგლამენტით ფრაქციის შექმნას ექვსი დეპუტატი სჭირდება.

ფრაქციის შესაძლო დაშლაში ადა მარშანია კატასტროფულს ვერაფერს ხედავს.

„ჯერ დავადგინოთ, მიდის თუ არა და შემდეგ რაღაცას ვიზამთ. ფრაქციას დრო ექნება, რომ თავისი რიგები შეავსოს და თუ არ შეავსებს, დაიშლება. ამაში კატასტროფული არაფერია, ლამის ქვეყანა დაგვეშალა“, – აღნიშნა მარშანიამ.

არსებული ინფორმაციით, ნატო ჩხეიძემ შესაძლოა, პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქცია დატოვოს.