ადა მარშანია - მოდით, საახალწლო სიურპრიზი გავუკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და განვიხილოთ „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტი
ადა მარშანია - მოდით, საახალწლო სიურპრიზი გავუკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და განვიხილოთ „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტი

მოდით, საახალწლო სიურპრიზი გავუკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და განვიხილოთ „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტი, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ადა მარშანიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„ვნახე და მიხარია, რომ ჩვენი ანტინაცისტური რეზოლუციის პროექტი დღის წესრიგში შესულია, მაგრამ 45-ე ნომრად. მოდით, საახალწლო სიურპრიზი გავუკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ბოლოს და ბოლოს, განვიხილოთ ეს რეზოლუციის პროექტი, საახალწლო რეზოლუცია ან ვცნოთ, რომ ეს მართლა კრიმინალური რეჟიმი იყო ან გააგრძელეთ მაშინ მათთან თანამშრომლობა. გადავწიოთ უფრო წინ, ახალ წლამდე განვიხილოთ და მივიღოთ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

საპარლამენტო ფრაქციამ „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ რეზოლუციის პროექტი რამდენიმე თვის წინ მოამზადა. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას მმართველობის პერიოდში საქართველოში დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი დამყარდა.

დოკუმენტში საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არჩევნების გაყალბებაზე, სასამართლო სისტემის დამორჩილებაზე, პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, მფლობელებისთვის სატელევიზიო არხების წართმევაზე, საპროტესტო აქციების დარბევაზე, „ნულოვანი ტოლერანტობის“ მოტივით მოსახლეობის დაშინებაზე, საკუთრების უფლების შელახვასა და კოდორისა და ახალგორის ჩაბარებაზე.

ფრაქცია დოკუმენტში აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ეკისრებათ.

„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით: საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა გამოცხადდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად. ასევე, ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ რეზოლუციის აღსრულების ოპერატიული კონტროლი“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.