ადა მარშანია - ძვირფასო უმრავლესობის წევრებო, ვინც ხართ პატიოსანი ხალხი, იმის შემდეგ, რაც აქ მოხდა და განვითარდა, ვერ ხედავთ, რომ უმრავლესობა უნდა დატოვოთ?
ადა მარშანია - ძვირფასო უმრავლესობის წევრებო, ვინც ხართ პატიოსანი ხალხი, იმის შემდეგ, რაც აქ მოხდა და განვითარდა, ვერ ხედავთ, რომ უმრავლესობა უნდა დატოვოთ?

ძვირფასო უმრავლესობის წევრებო, ვინც მებრძოლი ხართ და ბევრი ჩვენი თანამებრძოლი ბრძანდებით, პატიოსანი ხალხი, იმის შემდეგ, რაც აქ მოხდა და განვითარდა, ვერ ხედავთ, რომ უმრავლესობა უნდა დატოვოთ?, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ უმრავლესობის წარმომადგენლებს.

„თქვენი ე.წ. პოლიტელიტა თქვენს ზურგს უკან ძალიან ბევრ მოლაპარაკებებსა და შიდა კოაბიტაციაში რომ არის ამ სადისტური პარტიის წარმომადგენლებთან, ამას ვერ ხედავთ? რამდენჯერ უნდა დარწმუნდეთ ამაში. აგერ უკვე თვალების ამოთხრამდე მივიდა საქმე. რა შეგიკვეთათ ბატონო ზოიძევ ხალხმა, პროპორციული არჩევნები? თვალის გამოთხრის შემდეგ ეს მიეცით? შვიდი წელია, ათეულობით ადამიანი გამოდის ჩვენს მოედნებზე და ამას ვითხოვთ, ომი იყო საჭირო პარლამენტის კედლებთან, ეს რომ დაკმაყოფილებულიყო? მაშინ გაეხსნა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, თქვენს ბელადს გონება? თუ ეს არის აშკარა პროვოკაცია, რაც ამ დარბაზში მოხდა. გადავსებულია პარლამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ სადისტებით. როგორ და რანაირად მოვიდა აქ გავრილოვი, თქვენთან მოიკითხეთ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

ამასთან, დეპუტატმა ჟურნალისტებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებას მიმართა და განაცხადა, რომ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოსვლის დღეს, თავად ადა მარშანიაზე „ბინძური შეფასებები დაატრიალეს“, თითქოს გავრილოვს ადგილს უთავისუფლებდა. ამასთან, ადა მარშანიამ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებს პროვოკატორები უწოდა.

„მინდა, მივმართო ე.წ. ტელეარხებს და ე.წ. ჟურნალისტებს, რომლებიც სინამდვილეში უბრალოდ არიან მომსახურე პერსონალი ამ სადისტური პარტიის, რომელიც კოაბიტაციასთან არის „ქართულ ოცნებასთან“ და გავრილოვის თანაოკუპანტია. გავრილოვზე ნაკლებები ესენი არ არიან. თქვენ მე ამ დღეებში რა გამიბედეთ, რომ გამიბედეთ. რა ბინძური შეფასებები დაატრიალეთ, გავრილოვს თურმე მე აქ ადგილს ვუთავისუფლებდი, ეს არის ნაძირლობა თქვენი მხრიდან. პირველის ჟურნალისტები, რომლებსაც ხალხში სამართლიანად პირველი ჰქვია, „რუსთავი 2“ – რომელსაც ხალხში სამართლიანად ჰქვია „რუსთავი“ და სამწუხაროდ, ვაი „იმედის“ ჟურნალისტებს. იმედის ჟურნალისტები ჩემთან ახლოს ინტერვიუზე, ჩემს კაბინეტთან ახლოსაც არ მოხვიდეთ. თქვენ ხართ პროვოკატორები და ამ ბნელი ძალების მომსახურე პერსონალი. ბოდიში მომიხადეთ ამისთვის, რაც მე გამიკეთეთ ამ დღეებში. ნუ მასწავლით ოკუპანტს როგორ და რანაირად უნდა ველაპარაკო. მე ოკუპანტის ბუდეში ჩავდივარ მოსკოვში, თვალებში ვუყურებ და ოკუპანტს ვეუბნები იმას, რაც ეკუთვნის, რომ ვუთხრა. თქვენ ამას ვერ გააკეთებთ თქვენი კამერებით. ამ დარბაზში უარესის თქმას ვაპირებდი იმ ოკუპანტისთვის. რატომ შემოიპატიჟეთ, რატომ გადაწყვიტეთ ასამბლეის აქ ჩატარება. მე ძალიან გამიკვირდა ეს ყველაფერი. კატეგორიულად ვითხოვთ, ძალოვანი სტრუქტურების პირველი პირების აქ მოსვლას, სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის, შს მინისტრის, გიორგი გახარიასა და მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის პარლამენტში მოსვლას. დღესვე მობრძანდნენ აქ. ჩვენ მათ უნდა მოვუსმინოთ და მწვავე შეკითხვებიც დავუსვათ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.