აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხს განიხილავენ
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხს განიხილავენ

ხმაურით დაიწყო დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ერთ-ერთ საკითხად აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. კენჭისყრაზე ერთი კანდიდატი, კომისიის მოქმედი თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიაა წარდგენილი, რომელიც უკვე მეორე ვადით იქნება ამ პოსტზე.

კანდიდატის წარდგენას მოჰყვა ხმაური ოპოზიციის მხრიდან. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აცხადებენ, რომ ჯალაღონიას არჩევნების გაყალბებაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი მიუძღვის და მის მიმართ არსებობს ლეგიტიმური კითხვები. ამიტომ, ისინი კენჭისყრამდე კანდიდატთან გასაუბრებას და კითხვების დასმას ითხოვდნენ.

„როგორ ჩაატარა არჩევნები ვნახეთ; 120 შემაჯამებელი ოქმიდან 97-ში არის დისბალანსი, კითხვების დასმის საშუალება, როცა უმაღლესი საბჭოს წევრს არ მეძლევა უსკო-ს თავმჯდომარის მიმართ, ეს არის ძალიან ცუდი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გიორგი კირთაძემ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ კი, ოპოზიციას რეგლამენტი შეახსენა, რომ პარმენ ჯალაღონიას უმაღლესმა საბჭომ რეგლამენტის მიხედვით უკვე მოუსმინა, მაშინ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო.

„პარმენ ჯალაღონია საკანონმდებლო ორგანოში ორი თვის წინ წარდგა და მის გაწეულ საქმიანობაზე ვისაუბრეთ. შემოსულიყავით ორი თვის წინ და დაგესვათ კითხვები, ამ მატარებელმა ჩაიარა და თქვენ გინდათ, რომ უკან დავბრუნდეთ, ორი თვის წინ და ვისაუბროთ? ასე არ გამოვა“, – განაცხადა გაბაიძემ.

კენჭისყრაში ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობას არ მიიღებენ, ასევე პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა.