აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც თორნიკე რიჟვაძის ანგარიშს უსმენენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც თორნიკე რიჟვაძის ანგარიშს უსმენენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ხმაურია აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშს უსმენენ. ხმაური თორნიკე რიჟვაძის პასუხებს მოჰყვა, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს გასცა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა თორნიკე რიჟვაძე ნეპოტიზმში დაადანაშაულა, ასევე ხაზი გაუსვა, რომ აჭარაში სიტუაციას თორნიკე რიჟვაძის მამა დავით რიჟვაძე აკონტროლებს და სწორედ მისი ზეწოლის შედეგად გარდაიცვალა საკრებულოს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე.

„კარგად მომისმინეთ, ბატონო ელგუჯა, თქვენ და თქვენს კოლეგებს მინდა გითხრათ, აქ რომ შემობრძანდით, უმაღლეს საბჭოში ეს თქვენს თავმოყვარეობაზეა, მორალს და სენტენციებს მიკითხავთ და ყოველდღიურად ახსენებთ ჩემი ოჯახის წევრებს, მათ შორის მამაჩემს, თქვენც საჯარო პირი ხართ, თქვენი ოჯახის წევრები მიხსენებია ოდესმე? 1999 წელს ნასამართლევი ხართ ჯგუფური ძარცვისთვის, ავტომობილის გატაცებისთვის და ყაჩაღობისთვის. თქვენ მე მორალს ვერასდროს წამიკითხავთ, თუ ვინმემ გაანადგურა ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახი მორალურად, ეს ხართ თქვენ, თქვენ სცადეთ პოლიტიკური მიზნებისთვის მისი უბედურების გამოყენება. თანამდებობიდან გამომდინარე ბევრი მომითმენია, ნუ მიკავშირებთ იმათ დაკავებას, ვისაც კანონი აკავებს, მე ხომ არ ვარ ძლევამოსილი, ჰკითხეთ შესაბამის უწყებებს, თუ ახსენებთ ჩემი ოჯახის წევრებს, მიიღებთ შესაბამის პასუხსაც“, – მიმართა ელგუჯა ბაგრატიონს თორნიკე რიჟვაძემ.

„რას ნიშნავს ეს, თუ მაგარი ბიჭი ხარ, გარეთ გავიდეთ“, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ანთაძემ თორნიკე რიჟვაძეს.

​მთავრობის თავმჯდომარე დეპუტატების შეკითხვებს ხმაურის ფონზე პასუხობს.