აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ფქვილის წარმოების პროცესში შეფერხება არ არსებობს, მარაგებიც საკმარისია
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ფქვილის წარმოების პროცესში შეფერხება არ არსებობს, მარაგებიც საკმარისია

ფქვილის წარმოების პროცესში შეფერხება არ არსებობს და მარაგები საკმარისია, – ამის შესახებ  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ განაცხადა, რომელიც დღეს წისქვილკომბინატნიკა-მ“-ში იმყოფებოდა და მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო.

მისი თქმით, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების პროგრამის ფარგლებში, ფქვილზე სტაბილური ფასი ნარჩუნდება.

„ფქვილის წარმოების პროცესში შეფერხება არ არსებობს, მარაგებიც საკმარისია. პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წისქვილკომბინატებს საშუალება ეძლევათ, მეტი მარაგები შექმნან და ფქვილზე სტაბილური ფასი შეინარჩუნონ“, – აღნიშნა ტიტე აროშიძემ.

მინისტრის განცხადებით, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება ყველა მსხვილ წისქვილკომბინატში ფქვილის წარმოებისა და ფასის მონიტორინგი.

როგორც შპს „ნიკა-მ“-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, არსებული მარაგები და საწარმოს სიმძლავრე კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, ადგილობრივ ბაზარზე ფქვილის მიწოდება შეუფერხებლად განახორციელოს. წისქვილკომბინატის წარმადობა დღეში 100 ტონას შეადგენს. წარმოებული პროდუქციის რეალიზება სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით მთელი აჭარის მასშტაბით ხორციელდება.

საწარმოში ერთდროულად 3000 ტონა ხორბლის შენახვა არის  შესაძლებელი. კომპანიაში 25 ადამიანია დასაქმებული.

დატოვე კომენტარი