აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ყველა პროგრამას უცვლელად განახორციელებს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ყველა პროგრამას უცვლელად განახორციელებს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ​კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად რეგიონის ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტები არ შემცირდება. როგორც ზაალ მიქელაძემ განმარტა, სამინისტრო აჭარის ბიუჯეტიდან უცვლელად დააფინანსებს კარდიოქირურგიულ და ონკოლოგიურ სამედიცინო მომსახურებებს, ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას, ასევე ძვირადღირებულ მედიკამენტებს.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2020 წლის პროგრამებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. უწყება შეუფერხებლად აფინანსებს კარდიოქირურგიულ და ონკოლოგიურ სამედიცინო მომსახურებებს, ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას, ასევე ძვირადღირებულ მედიკამენტებს. კრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში ცვლილება არ შეხებია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტს, რადგან სამინისტროსთვის წლის დასაწყისში დამტკიცებული პროგრამები კვლავ პრიორიტეტულია და მათი განხორციელება მოსახლეობისათვის აუცილებლობას წარმოადგენს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გარკვეული პერიოდით გადავადდა რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.