საქართველოს რაგბის კავშირისა და საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული 100 ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აჭარაში წლის ბოლომდე სამი მოედნის მშენებლობა იწყება.
შესაბამის მემორანდუმს რაგბის ფედერაციასა და აჭარის მთავრობას შორის დღეს მოეწერა ხელი.
პირველ ეტაპზე მშენებლობა დაიწყება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანსა და დაბა ჩაქვში, ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელი ფურტიოში, ხოლო უახლოეს მომავალში მშენებლობა ბათუმში, ბენზეს დასახლებაში არსებულ მე-18 სკოლის ტერიოტორიაზე, გონიოში, ქედასა და ქობულეთის ცენტრშიც იგეგმება.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში იგეგმება საზაფხულო სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკის მშენებლობა, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში უმასპინძლებს ბავშვებს, როგორც საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან.