აჭარაში სამ დღეში 927 საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალება შემოწმდა, 358 მგზავრს პირბადის გამოყენებაზე გაფრთხილება მიეცა
აჭარაში სამ დღეში 927 საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალება შემოწმდა, 358 მგზავრს პირბადის გამოყენებაზე გაფრთხილება მიეცა

ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში სრულად შეამოწმეს ის იბიექტები, სადაც ადამიანთა მობილობა დიდი იყო.

ფერაძის თქმით, შემოწმდა ექვსი ბაზარი და დაახლოებით 150 ობიექტზე განხორციელდა ზედამხედველობა.

„როგორც მოგეხსენებათ, გასულ კვირაში ჩვენ აქტიურად ვახორციელებდით ინსპექტირების პროცესს ქალაქ ბათუმში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდებოდა სხვადასხვა ტიპის აქტივობა რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით. პროცესში ჩართული არის როგორც შრომის ინსპექცია, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურები და შსს-ს შესაბამისი დარგობრივი უწყებები.

ჯამში მოგახსენებთ შედეგებს, აჭარის რეგიონში ჩვენ სრულად შევამოწმეთ ის იბიექტები, სადაც ადამიანთა მობილობის დიდი ოდენობა იყო. ბუნებრივია, ეს არის ბაზრები. ექვსი ბაზარი შემოწმდა. ექვსი ბაზრის 150 მეწარმეს მიეცა გაფრთხილება. ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით გარკვეულწილად დამაკმაყოფილებელი იყო ვითარება, თუმცა კვლავ განემარტათ მეწარმე-სუბიექტებს და შემოწმების აქტზე ხელისმოწერით დაადასტურეს ნაკისრი ვალდებულებების გაცნობა. გარდა ამისა, დაახლოებით 150 ობიექტზე განვახორციელეთ სამი დღის განმავლობაში ზედამხედველობა, მოხდა მათი გაფრთხილება, ასევე გეგმური მონიტორინგი“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ბექა ფერაძის განმარტებით, ბარების, რესტორნებისა და კვების ობიექტების მიმართულებით ვითარება დამაკმაყოფილებელია.

„რაც შეეხება ქსელურ მარკეტებს და ზოგადად სავაჭრო ობიექტებს, ჩვენი მხრიდან მოხდა გადამოწმება მსხვილი სავაჭრო ქსელების, ისევე როგორც სხვადასხვა სასურსათო მაღაზიის. რვა ასეთი ობიექტი შევამოწმეთ, საიდანაც დაჯარიმდა ერთი ბიზნეს სუბიექტი, სხვა მიმართულებით აღინიშნებოდა მცირეოდენი ხარვეზები, სადაც მოხდა გაფრთხილება და რეკომენდაციების კიდევ ერთხელ გაცნობა“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

გარდა ამისა, ფერაძე ამბობს, რომ აჭარაში სამი დღის განმავლობაში 927 ერთეული საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემოწმდა და 358 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის გამოყენების თაობაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მუნიციპალური ტრანსპორტი. აქ ყველა ვხედავთ, რომ გარკვეულწილად მოქალაქეების მხრიდან ფიქსირდება პირბადის გამოყენებაზე თავის არიდება. ამიტომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, მერიის ზედამხედველობის და შრომის ინსპექციის მიერ სამი დღის განმავლობაში 927 ერთეული საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემოწმდა და 358 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის გამოყენების თაობაზე.

ასევე განვახორციელეთ სავაჭრო მოლების შემოწმება, რომელთაგან დადგინდა, რომ აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს, აღინიშნებოდა მცირეოდენი ხარვეზები, მაგრამ ვითარება აჭარის რეგიონში არის დამაკმაყოფილებელი. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული იქნება ისეთ ქალაქებზე, როგორიცაა თბილისი, ქუთაისი და სხვა მსხვილი ქალაქები, სადაც ადამიანების მობილობის ოდენობა გაცილებით მაღალია“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.