ირაკლი კობახიძე „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე - ეს არის ძალიან მძიმე, მიზანმიმართული პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე - ეს არის ძალიან მძიმე, მიზანმიმართული პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

ეს არის ძალიან მძიმე, მიზანმიმართული პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აჭარაში განთავსებულ „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერს.

კობახიძის თქმით, ამ ქმედებაში დაკვეთის ნიშნები ჩანს. მისივე განცხადებით, ეს ფაქტი ყველას მხრიდან, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის მხრიდან შესაბამის პოლიტიკურ რეაგირებას საჭიროებს.

„ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია და აქ ჩანს დაკვეთის ნიშნები. „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ ხოლმე ასეთ ნაბიჯებს და ბუნებრივია, ეს იწვევს აღშფოთებას. ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის ძალიან მძიმე, მიზანმიმართული პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს ძალიან ცალსახა შეფასებაა.

რაც შეეხება სამართლებრივ რეაგირებას, ეს არის შესაბამისი ორგანოების საქმე. თუ არის სამართლებრივი რეაგირების საფუძველი, ეს რეაგირება უნდა იყოს. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები, თუმცა რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ეს არის უმძიმესი პროვოკაცია არა რომელიმე პარტიის, არამედ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს ყველას მხრიდან, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის მხრიდან შესაბამის პოლიტიკურ რეაგირებას საჭიროებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საუბარია აჭარაში განთავსებულ „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“