„აჭარა ტექსტილის“ დირექტორი - პრემიერმა რამდენჯერმე აღნიშნა და სავსებით ვეთანხმებით, რომ ლოკდაუნი არ განიხილება
„აჭარა ტექსტილის“ დირექტორი - პრემიერმა რამდენჯერმე აღნიშნა და სავსებით ვეთანხმებით, რომ ლოკდაუნი არ განიხილება

დღეს, ორი საათის განმავლობაში, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან და ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ მთავარი იყო საქართველოს ეკონომიკა და ის, რომ ყველა ბიზნესმა, იმ კომპანიებმა, რომლებიც დღევანდელ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, –  ამის შესახებ „აჭარა ტექსტილის“ დირექტორმა, გია ლომინაძემ, პრემიერ-მინისტრისა და მსხვილი დამსაქმებლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ლოკდაუნი აღარ განხორციელდეს, რადგან საქართველოს   ეკონომიკა ამას ვეღარ გადაიტანს.

„პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე აღნიშნა და ჩვენ სავსებით ვეთანხმებით იმაში, რომ ლოკდაუნი აღარ განხორციელდება, რადგან ჩვენი ეკონომიკა ამას ვეღარ გადაიტანს. ეს, ალბათ, ძალიან მტკივნეული იქნება კონკრეტულად ჩვენი საწარმოსთვისაც, რადგან, როდესაც საქართველოში პირველი „ლოკდაუნი“ მოხდა, მთელს მსოფლიოში იგივე პროცესი მიმდინარეობდა და არ იყო თვალში მოსახვედრი საქართველოს სიტუაცია, მაგრამ ახლა რომ მოხდეს, საკმაოდ რთული იქნება. ასევე, ყურადსაღები ფაქტია ის, რომ პირველ ეტაპს, საქართველომ ძალიან კარგად გაართვა თავი და საქართველომ მიიღო ძალიან დიდი ნდობა მსოფლიოს ბრენდებისგან და ძალიან ცნობილი ბიზნესებისგან. ხაზს გავუსვა, რომ კონკრეტულად ჩვენს შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი შეკვეთები წამოვიდა ნაცვლად იმ ქვეყნებისა, როგორიც არის შუა აზიის ქვეყნები, იორდანია და ეგვიპტე. მათი შეკვეთები, ფაქტობრივად, წამოვიდა საქართველოში, რაც გახდა საფუძველი იმის, რომ უკვე მეოთხე საწარმოს მშენებლობა დავიწყეთ ქალაქ რუსთავში. თუ ლოკდაუნი მოხდება, ჩვენ არ ვსაუბრობთ ფინანსურ ზარალზე, ჩვენთვის მთავარია, რომ ის დიდი ნდობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს კომპანიას აქვს, ამ შემთხვევაში, ისეთი დამკვეთებისგან, როგორიც არის „ნაიკი“ და „ადიდასი“, შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ იმ ტენდენციით, როგორიც არის დაგეგმილი“, – განაცხადა „აჭარა ტექსტილის“ დირექტორმა.

გია ლომინაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ძალიან ბევრ შეღავათზე იყო საუბარი, მათ შორის საშემოსავლო გადასახადზე.

„საშემოსავლო გადასახადი ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთან დასაქმებულებს, ძირითადად, აქვთ 1 500 ლარამდე ხელფასი და შესაბამისად, ეს ძალიან დიდ პოზიტიურ ეფექტს მოახდენს. ასევე არის მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც დღეს გამახვილდა ყურადღება, ეს არის პრივატიზების საკითხი. თუ ჩვენ გვსურს, რომ უცხოური ინვესტიციები მოვიზიდოთ, პრივატიზების საკითხის უფრო გამარტივება და რეგულაციების გამარტივება, შესაბამისად, უფრო მომხიბვლელი იქნება სხვადასხვა კომპანიებისთვის, ვინც განიხილავს საქართველოს მიზნობრივ ბაზრად.

პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზაობა, რომ ნებისმიერი პროექტი, თუნდაც ძალიან მცირე პროექტი მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან. თუ რამე შეფერხებები არსებობდა ამ მხრივ, გარკვეული ჯგუფები იმუშავებენ, რათა ეს შეფერხებები არ არსებობდეს და ძალიან მარტივად შევძლოთ ნებისმიერი პროექტის განხორციელდება. აქ არის საუბარი გამარტივებაზე, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის. საქართველოში არსებულმა ბიზნესებმა ვიცით, თუ რა ხდება, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არსებული რეგულაციები მომხიბვლელი რომ იყოს უცხოელებისა და პოტენციური ინვესტორებისთვის, შესაბამისად, მისი გამარტივება უფრო უკეთესი იქნება.

ფოთის საწარმო, ალბათ ყველამ იცით, რომ დაფიქსირდა გარკვეული ინფიცირების შემთხვევები, დროებით შეჩერდა. ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან, თუ როგორ მოხდება შემდეგ განახლება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ახლო პერიოდში შევძლებთ განახლებას და 1 200 თანამშრომელი დაუბრუნდება თავის სამუშაო ადგილს.

პრემიერ-მინისტრმა გვითხრა, რომ მაქსიმალურად ვიფიქროთ ახალ ხელშეკრულებებსა და კონტრაქტებზე, ახალ პროექტებზე, რაც საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა გია ლომინაძემ.