აბურჯანიას შედევრი ვიდეორეფერიმ და იურიმ გაანეიტრალეს - „კარტახენამ“ მოგება ვერ შეინარჩუნა #1TVSPORT [ვიდეო]

გიორგი აბურჯანიამ ესპანეთში თავი ულამაზესი გოლით გამოიჩინა, მაგრამ მისმა გუნდმა „კარტახენამ“ „პონფერადინა“ ვერ დაამარცხა.

ლა ლიგა2-ის 29-ე ტურში „კარტახენამ“ ლიდერთა ჯგუფთან ახლოს მყოფ „პონფერადინას“ უმასპინძლა. გიორგი აბურჯანია მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე კი გუნდს გოლით დაეხმარა და „კარტახენა“ გამარჯვებასთან ახლოს იყო – 45+2-ე წუთზე, გიორგიმ საჯარიმოსთან ბურთი მიიღო, დაუყოვნებლად კარში დაარტყა და ანგარიში გახსნა. 

მასპინძლებმა საკმაოდ ბევრი რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს და ამისთვის დაისაჯნენ – როგორც ესპანური გამოცემა „ას“-ი წერს, აბურჯანიას და „კარტახენას“ მცდელობები ვიდეორეფერიმ გაანეიტრალა. სწორედ VAR-მა დააფიქსირა, რომ 90+3-ე წუთზე „კარტახენას“ ნახევარმცველმა, რამონ აზიზმა საკუთარ საჯარიმოში „პონფერადინას“ შემტევი პაბლო ვარკარსე წააქცია და მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც იურიმ (ბრაზილიელი დე სოუზა ფონსეკა) გოლად გარდასახა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

გიორგი „კარტახენაში“ წელს „ლუგოდან“ გადავიდა და ახალ გუნდში ჩატარებულ მე-7 მატჩში გოლით ლა ლიგა 2-ში თავი პირველად გამოიჩინა. „კარტახენა“ კი 29 ტურის შემდეგ 29 ქულით მე-19 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.