გიორგი აბუაშვილი კარიერას ფოთის „კოლხეთი 1913“-ში გააგრძელებს, – ინფორმაციას Transfermarkt-ი ავრცელებს.
გერმანული სამენეჯერო ინტერნეტპორტალის ცნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ კლუბთან ხელშეკრულება დღეს, 15 თებერვალს გააფორმა.
21 წლის თავდამსხმელი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 2019 წელს, 16 წლის ასაკში დააწინაურეს. 2021 წელს „პორტო ბ“-ში მიიწვიეს. პორტუგალიური გრანდის სარეზერვო გუნდში ორი წელი ითამაშა და წელს, აგვისტოში რუმინულ „პეტროლულში“ გადავიდა.
თუმცა რუმინული ოდისეა დიდხანს არ გაგრძელდა, აბუაშვილმა კლუბი ნახევარ წელიწადში დატოვა და სათამაშო პრაქტიკისთვის საქართველოში დაბრუნდა. ფლანგის შემტევი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, რამაზ სვანაძემ კი ახალგაზრდულ ნაკრებში ახალი შესარჩევი ციკლის მატჩებში გამოიძახა.
დავით კვირკველიას გუნდმა მეხუთე ამხანაგური შეხვედრა გამართა და დანიური „ბრაბრანდი“ 2:1 დაამარცხა. მორიგ მატჩს ფოთის „კოლხეთი 1913“ რუმინულ „რეშიცასთან“ გამართავს – შეხვედრა ხვალ, 16 თებერვალს არის დაგეგმილი.