აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში შესაძლოა დენიელ კორმიესა და სტიპე მიოჩიჩის განმეორებითი ბრძოლა გაიმართოს
აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში შესაძლოა დენიელ კორმიესა და სტიპე მიოჩიჩის განმეორებითი ბრძოლა გაიმართოს

მიუხედავად იმისა, რომ დენიელ კორმიესა და ბროკ ლესნარის ბრძოლას გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა, როგორც ჩანს ეს დაპირისპირება არ შედგება. ლესნარმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ „დი სის“ მძიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულის დაცვა სხვა მებრძოლთან მოუწევს.

ამჟამად კორმიეს ყველაზე რეალურ მოწინააღმდეგედ სტიპე მიოჩიჩი განიხილება. შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელით მოასპარეზე წარმოშობით ხორვატმა მებრძოლმა უკანასკნელად სწორედ კორმიესთან წააგო სატიტულო ბრძოლა და ჩემპიონის ქამარი დათმო. მანამდე კი სტიპეს ტიტული სამჯერ ჰქონდა დაცული, რაც აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) რეკორდს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ფრენსის ნგანოუ და ჯუნიორ დოს სანტოსი პროგრესს განიცდიან და სატიტულო ბრძოლას უახლოვდებიან, უნდა ვივარაუდოთ, რომ დანა ვაიტი საჩემპიონო დაპირისპირების შანსს თავდაპირველად მაინც სტიპე მიოჩიჩს მისცემს.

რაც შეეხება დენიელ კორმიეს, ის უკვე 40 წლისაა და სულ მალე ალბათ სპორტულ კარიერას დაასრულებს.

„დი სის“ 2015 წლის შემდეგ არ წაუგია, ანუ მას შემდეგ, რაც ჯონ ჯონსთან დამარცხდა. ის პირველი მებრძოლია, რომელმაც ორ წონით კატეგორიაში ტიტულის დაცვა მოახერხა.