აბიტურიენტები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ, გამოცდებს საგანგებოდ შედგენილი ცხრილით ჩააბარებენ
აბიტურიენტები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ, გამოცდებს საგანგებოდ შედგენილი ცხრილით ჩააბარებენ

საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.

როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში გამოუვლინდებათ „კოვიდ-19“, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს ორი კვირისა.

ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განმარტა, რომ გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით: მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია; მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას; დაიმუშავონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ასევე შემუშავდა: საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის მუშაობის პირობები.