„აბერდინის“ მთავარი მწვრთნელი - გვსურს „ჩიხურასთან“ მოგება და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში საჩხერეს „ჩიხურასთან” „აბერდინს“ პირველ აგვისტოს შოტლანდიაში დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე „აბერდინის“ მთავარმა მწვრთნელმა, დერეკ მაკინესმა პრესკონფერენცია გამართა.
„განმეორებით შეხვედრაში დადებითი შედეგის იმედი გვაქვს. საქართველოში დაფიქსირებული შედეგი (1:1) იდეალური არ იყო, მაგრამ უპირატესობას მაინც ჩვენ გვაძლევს. მნიშვნელოვანია, რომ ხვალ ტრიბუნებიდან წამოსული ატმოსფერო გამოვიყენოთ. საამისოდ, რაც შეიძლება აგრესიულები უნდა ვიყოთ და დიდი ძალებით შევუტიოთ. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ „ჩიხურა” კონტრშეტევებზე სახიფათო გუნდია. ჩვენ მოგება და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა გვინდა – ეს ის ადგილია, სადაც „აბერდინი” უნდა იყოს“, – ამბობს დერეკ მაკინესი.
„აბერდინისა“ და „ჩიხურას” მატჩი პირველ აგვისტოს 22:45 საათზე დაიწყება. ამ წყვილის გამარჯვებული ხორვატიის „რიეკას” შეხვდება.