აბაშის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლებისთვის თუნუქის სახურავები გადაეცა
აბაშის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლებისთვის თუნუქის სახურავები გადაეცა

აბაშის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლებისთვის თუნუქის სახურავები გადაეცა. დაზარალებულებს დღეს შეხვდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, პარლამენტის დეპუტატი ოთარ დანელია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი ირაკლი თოფურია და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია.

სამეგრელოს რეგიონში ძლიერი ქარის შედეგად აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საბავშვო ბაღისა და N1 საჯარო სკოლის სახურავებიც დაზიანდა, რომელთა რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.

დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში ძლიერი ქარისაგან დაზიანებული საბავშვო ბაღის შენობა და ქალაქ ხობში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაათვალიერეს. ამ შენობების აღდგენითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.

სტიქიამ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში ბონდის ხიდიც დააზიანა. ხიდი სოფლის ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებდა, რომლითაც სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სკოლამდელი ასაკის ბავშვებიც სარგებლობდნენ. ხიდის რეაბილიტაციამდე ბავშვები მერიის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ. ტრანსპორტი საგანმანათლებლო დაწესებულებამდე შემოვლითი გზით იმოძრავებს.