აბაშაში ხორბლის მოსავალს იღებენ
აბაშაში ხორბლის მოსავალს იღებენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, აბაშაში ანჯერის მასივში ფერმერებს შეხვდა და ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აბაშაში წელს ხორბალი 200 ჰექტარამდე მიწის ფართობზეა მოყვანილი. ხორბლის მსხვილ მწარმოებლებთან ერთად პროცესს წელს მცირემიწიანი ფერმერებიც შეუერთდნენ. აბაშის მუნიციპალიტეტში ხორბლის მოყვანა ფერმერებმა გასულ წელს განაახლეს.

ნათეს ფართობებზე მოსავლის აღების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის ტექნიკა. ფერმერები ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მათზე გაწეულ დახმარებას მნიშვნელოვანს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ისარგებლეს, როგორც საწვავის ვაუჩერებით, ასევე აგრო ბარათებით.

„ჩვენ დღეს ვიმყოფებით აბაშის მუნიციპალიტეტში, სადაც ვხედავთ, რომ სამეგრელოშიც შეიძლება ხორბლის მოყვანა, არა მხოლოდ ხორბლის არამედ სხვა თავთავიანი კულტურის. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ფერმერები ამ საქმეში აქტიურად არიან ჩართულნი, მათ ჰყავთ ძალიან მაღალკვალიფიციური კონსულტანტები და სასიხარულოა ის, რომ ჩვენი რეგიონი სხვადასხვა სოფლის მეურნეობის კულტურით არ არის წარმოდგენილი“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

აბაშაში მხარის რწმუნებულთან ერთად მისი მოადგილეები, მალხაზ თორია და დავით ვერავა, აბაშის მერი ლევან მაკალათია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე იმყოფებოდნენ.