აბას არაღჩი - ირანში ამჟამად ურანის გამდიდრება არ ხდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს მისი გამდიდრების უფლება და ამ უფლებას არასდროს დავთმობთ
აბას არაღჩი - ირანში ამჟამად ურანის გამდიდრება არ ხდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს მისი გამდიდრების უფლება და ამ უფლებას არასდროს დავთმობთ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ირანში ამჟამად ურანის გამდიდრება არ ხდება.

მისი თქმით, ქვეყნის ყველა ბირთვული ობიექტი საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ არის.

„ირანში არ ხდება ურანის გამდიდრება. ჩვენი ყველა ობიექტი საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დაცვისა და მონიტორინგის ქვეშაა. ამჟამად გამდიდრება არ ხდება, რადგან ჩვენს ობიექტებს, ჩვენს გამდიდრების ობიექტებს, თავს დაესხნენ“, – განაცხადა არაღჩიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა დასჭირდება ირანს აშშ-თან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, არაღჩიმ თქვა, რომ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით თეირანის გზავნილი „ნათელია“.

„უდავოა ირანის უფლება გამდიდრებაზე, ბირთვული ტექნოლოგიების მშვიდობიანი გამოყენებისთვის. ჩვენ გვაქვს ეს უფლება და გავაგრძელებთ მის გამოყენებას. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის შეერთებული შტატები, აღიარებს ჩვენს უფლებებს და გაიგებს, ეს ირანის განუყოფელი უფლებაა და ჩვენ ჩვენს უფლებებს არასდროს დავთმობთ“, – განაცხადა არაღჩიმ.

მისივე თქმით, თეირანის მიმართ ვაშინგტონის ამჟამინდელი მიდგომა არ მიუთითებს „თანაბარი და სამართლიანი მოლაპარაკებებისთვის“ მზადყოფნაზე.