აბას არაღჩი - ირანის პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტი კონცენტრირებულია სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური რუკის უცვლელობის უზრუნველყოფაზე
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანის პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტი კონცენტრირებულია სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური რუკის უცვლელობის უზრუნველყოფაზე.
ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის სომხეთში ვიზიტის პარალელურად გააკეთა.
არაღჩის თქმით, თეირანი მტკიცედ გამოდის საზღვრების ნებისმიერი ცვლილების ან სამხრეთ კავკასიის რეგიონში უცხო სამხედრო ძალების ყოფნის წინააღმდეგ.
ირანულ მედიასთან ინტერვიუში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მასუდ ფეზეშქიანის ვიზიტი იქნება „შესაძლებლობა, კვლავ დააფიქსიროს ირანის შეშფოთება და მცდელობა ამ საკითხზე დამამშვიდებელი მექანიზმის მიღწევისა“.
„ჩვენი მთავარი შეშფოთება იმაში მდგომარეობს, რომ რეგიონის გეოპოლიტიკაში არ ხდებოდეს არანაირი ცვლილებები, რომ რეგიონში არ შემოვიდნენ უცხოური ძალები. ჩვენ, მაგალითად, შეშფოთებულები ვართ სიონისტური რეჟიმის ყოფნით ამ ქვეყნებიდან ზოგიერთში ან ევროკავშირის მცდელობით, აქ გაძლიერდეს“, – განაცხადა არაღჩიმ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გეოპოლიტიკური ცვლილებები არ არის აბსტრაქტული და იგულისხმება საერთაშორისო საზღვრების ცვლილება, მათი გადასინჯვა ან რეგიონის სახელმწიფოთა სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შერყევა.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ არ მოვითმენთ ასეთ რამეს და ჩვენი პოლიტიკა ყოველთვის იქნება ცალსახა“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ყურადღება გაამახვილა აშშ-ის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე და რომ ბაქომ და ერევანმა აიღეს ვალდებულება, პატივი სცენ არსებულ საზღვრებს და სუვერენიტეტს.
„ამ კუთხით ჩვენი შეშფოთება, როგორც ჩანს, გათვალისწინებულია, მაგრამ დარჩებიან თუ არა ისინი ამ საკითხისადმი ერთგულები მომავალში, ჩვენ ამას კარგად დავაკვირდებით“, – თქვა არაღჩიმ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ თეირანი შეშფოთებულია ინფრასტრუქტურულ პროექტებში აშშ-ის ჩართულობით.
„კიდევ ერთი შეშფოთება მდგომარეობს იმაში, რომ ეს გზა, შეიძლება, გახდეს საბაბი რეგიონში ამერიკული ძალების ყოფნისთვის“, – განაცხადა არაღჩიმ.
მისივე თქმით, სომხეთის მაღალჩინოსნებმა და, მათ შორის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დაარწმუნა თეირანი, რომ ამერიკული ძალები და, ასევე, კერძო დაცვის კომპანიები აშშ-დან არავითარ შემთხვევაში არ იქნებიან წარმოდგენილები სომხეთში, ამ გზაზე.
„მათ გვითხრეს, რომ იცნობენ ირანის წითელ ხაზებს და მათ პატივისცემით მოეკიდებიან მომავალში. მანამდე ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ საკითხს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.