ავღანეთში პარლამენტის წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი ტერაქტის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
თავდასხმა ჰელმანდის პროვინციაში, ქალაქ ლაშკარგაჰში მოხდა. პოლიტიკოსი, აბდულ ჯაბარ კაჰრამანი საკუთარ ოფისში მომხდარი აფეთქების დროს დაიღუპა.
ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურების დროს კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო.
ავღანეთში საპარლამენტო არჩევნები 20 ოქტომბერს არის დაგეგმილი. 249 მანდატიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სავარძლის მოპოვებისთვის 2 565 კანდიდატი იბრძვის.
„თალიბანი“ ავღანეთში დაგეგმილ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ცოტა ხნის წინ მოძრაობამ სპეციალური გაფრთხილება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც სტუდენტებმა და მასწავლებლებმა არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ, სკოლის ხელმძღვანელებმა კი, საარჩევნო უბნების სკოლის ტერიტორიაზე გახსნის უფლება არ უნდა მისცენ.