ნიკა მელია - ყველგან, ყოველთვის, ყველა სახელმწიფოში აღდგება სამართლიანობა
ყველგან, ყოველთვის, ყველა სახელმწიფოში აღდგება სამართლიანობა, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების ფაქტს. ნიკა მელიას თქმით, სამართლიანობა აღდგება საქართველოშიც.
„ყველგან, ყოველთვის, ყველა სახელმწიფოში აღდგება სამართლიანობა. გახსოვთ, როგორ ჩამოერთვა ბატონ სააკაშვილს მოქალაქეობა, ფიზიკური ძალადობით იგი გააძევეს უკრაინიდან და დღეს დავინახეთ, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა მას დაუბრუნა მოქალაქეობა. შესაბამისად აღდგა სამართლიანობა, შესაბამისად აღსდგება სამართლიანობა საქართველოში. არავის უნდა ჰქონდეს იმედი, მათ შორის ვგულისხმობ ივანიშვილს რომ იგი გაიზიარებს განსხვავებულ ბედს, ვიდრე გაიზიარა ბატონმა პოროშენკომ. ოთხჯერ უფრო მდიდარი პოროშენკო ხალხმა დაამარცხა უკრაინაში და ჯერ კიდევ შარშან, ბატონ პოროშენკოს ეს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოედგინა, იგივე მოხდება საქართველოშიც“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ექსპრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.