73 ქულით ლუკა დონჩიჩმა NBA-ის ისტორიაში მეოთხე ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა [ვიდეო] #1TVSPORT
11:01, 27.01.2024
„დალას მავერიქსის“ სლოვენიელმა უკანახაზელმა, ლუკა დონჩიჩმა „ატლანტა ჰოუქსის“ წინააღმდეგ 73 ქულა ჩააგო, რაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგია.
„დალასისა“ და „ატლანტას“ მატჩი ძალიან შედეგიანი გამოვიდა და დალასელთა გამარჯვებით 148:143 დასრულდა. ლუკა დონჩიჩმა მოედანზე 44:43 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 73 ქულა, 10 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
სლოვენიელმა თამაშიდან 33-ჯერ ესროლა, საიდანაც 25 სროლა ზუსტი იყო, საჯარიმოს ხაზიდან კი დონჩიჩმა 16 დან 15 სროლა გამოიყენა.
NBA-ის ისტორიაში ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 100 ქულა უილტ ჩემბერლენს აქვს ჩაგდებული, მან ეს შედეგი 1962 წელს, „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ დააფიქსირა, მაშინ ჩემბერლენი „ფილადელფია უორიორსის“ რიგებში თამაშობდა.
მეორე საუკეთესო შედეგი კობი ბრაიანტს ეკუთვნის. „ლეიკერსის“ ლეგენდარულმა მოთამაშემ 2006 წელს „ტორონტოსთან“ მატჩში 81 ქულა დააგროვა. მესამე ადგილზეც უილტ ჩემბერლენია 1961 წელს „ლეიკერსთან“ დაგროვებული 78 ქულით.
73 ქულა კი NBA-ის ისტორიაში ერთმა მოთამაშემ ერთ შეხვედრაში ოთხჯერ დააგროვა და ეს მაჩვენებელი მეოთხე საუკეთესოა. ლუკა დონჩიჩამდე მატჩი 73 ქულით დატოვეს უილტ ჩემბერლენმა (ორჯერ) და დევიდ ტომფსონმა.