დავით ზალკალიანი აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ესპანეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავება მის ვიზიტს უკავშირდება
დავით ზალკალიანი აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ესპანეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავება მის ვიზიტს უკავშირდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი​ აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ესპანეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავება მის ვიზიტს უკავშირდება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებს აბსურდულ ინფორმაციას, თითქოს ჩემი ვიზიტი ესპანეთში კავშირშია ბარსელონაში ორი დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო მოქალაქეებს ჰქონდეთ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების უფლება. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება და გზავნილი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისადმი ევროკავშირის მხრიდან. ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება, ყოველდღიური გაფრთხილება.

ასობით ათასი ჩვენი კეთილსინდისიერი მოქალაქე სარგებლობს ამ სიკეთით, რომელსაც მოაქვს სიკეთე ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, ბიზნესმენებისთვის, საქმიანი ადამიანებისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. მსგავსი სახის აბსურდული განცხადებების და ინფორმაციის გავრცელება არის პროვოკაციული და ზიანს აყენებს საქართველოს, ზიანს აყენებს ათასობით და ასი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ – არ აყვნენ ამ პროვოკაციას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა ბარსელონაში ესპანელი სამართალდამცველების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასა და წლის დასაწყისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ესპანეთში ვიზიტის ურთიერთკავშირის შესახებ მედიაში გავრცელებულ ბრალდებასთან დაკავშირებით.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბარი მიმდინარეობდა საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, ესპანურმა მხარემ მნიშვნელოვანი პოზიტიური გზავნილები გააჟღერა.

„ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა. ესპანეთი საქართველოს განიხილავს, როგოც უსაფრთხო ქვეყანას და მოუწოდა საქართველო მოქალაქეებს, რომ არ განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ესპანეთში მათ ყოფნას. ეს იყო ძალიან კარგი პრევენციული განცხადება, რომელიც მან გააკეთა. აქედან გამომდინარე, ძალიან გაკვირვებული ვარ იმ პროვოკაციული განცხადებებით, რაც გარკვეულ მედიასაშუალებებში გავრცელდა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ესპანეთში სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 25 მოქალაქე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით დააკავეს. ამასთან, ესპანეთშივე დააკავეს საქართველოს 41 მოქალაქე საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის.