7–8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს GIMF 2026 უმასპინძლებს

10:37, 25.08.2026

7-8 სექტემბერს ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი Georgia International Maritime Forum – GIMF 2026 გაიმართება.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, GIMF 2026 საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას, „შუა დერეფნის“ განვითარების პოტენციალის წარმოჩენასა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ღონისძიებას 40-მდე ქვეყნის 400-მდე დელეგატი დაესწრება. GIMF 2026-ში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნების მინისტრები და მაღალი რანგის თანამდებობის პირები, მათ შორის, საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, აგრეთვე სატრანსპორტო – ლოგისტიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების გენერალური მდივნები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2016 წლიდან იმართება. წელს ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა „შუა დერეფნის“ განვითარების შესაძლებლობები, რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური დაკავშირებადობა, ინოვაციები, მდგრადი საზღვაო ტრანსპორტი, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერება.

მსგავსი