კახა კუკავა - „ქართულ ოცნებაში“ ხდება ის, რაც უნდა დაემართოს ნებისმიერ დაავადებულ სხეულს
„ქართულ ოცნებაში“ ხდება ის, რაც უნდა დაემართოს ნებისმიერ დაავადებულ სხეულს, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს გზა გაიარა „მოქალაქეთა კავშირმა“ თავისი მმართველობის ბოლო წლებში; ეს გზა გაიარა „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ და ამ გზას გადის „ქართული ოცნებაც“. ეს არის „ქართული ოცნების“ დაშლის პროცესი და იმედი მაქვს, საბოლოოდ დაშლის პროცესი. ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან ეს არის პარტია, რომელიც არანაირი პრინციპების ირგვლივ არ არის გაერთიანებული“, – განაცხადა კახა კუკავამ.
მისი თქმით, პირველი ოქტომბრის მონაწილე არ ყოფილა არც ერთი ის ადამიანი, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ სახე და ლიდერია საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
„ვინ არიან ლიდერები და „ქართული ოცნების“ პოზიციას ყოველდღე ვისგან ისმენთ? ესენი არიან ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ვანო ზარდიაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და სხვები. მე ცხრა წელი ვებრძოდი სააკაშვილის რეჟიმს და ეგენი არც 7 ნოემბერს მახსოვს, არც 26 მაისს და არც „საკნების ქალაქში“, – განაცხადა კახა კუკავამ.
როგორც კუკავამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დაშლა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და ეს პროცესი რაც უფრო გაგრძელდება, მით უკეთესია, რადგან ამოცანა მარტო ივანიშვილის რეჟიმის დასრულება კი არ არის, მთავარია, ეს მშვიდობიან, კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოხდეს, რაც შეიძლება ნაკლები ექსცესებისა და არეულობის გარეშე.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რომელი ოპოზიციური ძალის შანსს ზრდის „ქართული ოცნების“ დაშლა, კახა კუკავამ განაცხადა, რომ ის, რასაც დღეს ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, „ნაციონალური მოძრაობის“ შანსებს ზრდის.
„მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში ორი პოლიტიკური ცენტრი უნდა არსებობდეს. სხვათა შორის, ეს საპრეზიდენტო არჩევნებზეც გამოჩნდა. ეს კურსი მას დიდი ხანია, დეკლარირებული აქვს. მან თქვა, რომ შუა უნდა გაიკრიფოს, რაც ზურაბ ბიგვავას ფრაზა იყო და აიტაცა; ასევე, ტერმინი – „მთავარი ოპოზიციური ძალა“, „ნაცებს“ არ მოუგონიათ. ტერმინი – „მთავარი ოპოზიციური ძალა“ „ნაციონალურ მოძრაობას“ პირველად, ბიძინა ივანიშვილმა უწოდა და შემდეგ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილიყო მთავარი ოპოზიციური ძალა“, – განაცხადა კახა კუკავამ.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ თავისი მმართველობის ბოლო წლებში ედუარდ შევარდნაძის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ნებით თუ უნებლიედ, ყველაზე რადიკალური ოპოზიციის, სააკაშვილის გაძლიერებას იწვევდა და დღეს, ბიძინა ივანიშვილიც ზუსტად იმავეს აკეთებს.