ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 6-8 ნოემბერს ეწვევა
საქართველოს 6-8 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ეწვევა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოს მთავრობის მეთაური ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.
ამასთან, საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა ჩინეთის საგარეო უწყებაშიც და აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა არსებობს, ბოლო წლებში ლიდერების მიერ დასახული გეგმის შესაბამისად, ორმხრივი ურთიერთობები სწრაფად განვითარდა, თანამშრომლობამ კი სხვადასხვა სფეროში შედეგი გამოიღო.
„ჩინეთი მზადაა, ქართულ მხარესთან ერთად შეასრულოს ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები, გააღრმავოს ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ურთიერთობების მდგრად განვითარებას ორივე ხალხის სასარგებლოდ“ ,- განაცხადეს ჩინეთის საგარეო უწყებაში.