50-წლიანი პაუზის შემდეგ - „მილუოკი ბაქსი“ NBA-ის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
10:34, 21.07.2021
„მილუოკი ბაქსმა“ 50-წლიანი პაუზის შემდეგ, სანატრელი ტიტული მოიპოვა. მაიკ ბუნდენჰოლცერის გუნდმა ფინალური სერიის მე-6 შეხვედრაში „ფინიქსსსანსს“ უმასპინძლა და მიუხედავად მატჩის დაძაბული მიმდინარეობისა, მარტივად მოიგო, ანგარიშით 105:98 და NBA-ის ჩემპიონი გახდა.
ბოლო შეხვედრაში საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 50 ქულასთან და 14 მოხსნასთან ერთად, 5 დაფარება მიითვალა. ბერძენი გახდა მეორე კალათბურთელი ისტორიაში, რომელმაც ფინალების სერიაში ზედიზედ სამჯერ შეძლო მინიმუმ 40 ქულისა და 10 მოხსნის შეგროვება, პირველად ეს 2000 წელს შაკილ ო’ნილმა „ლეიკერსის“ შემადგენლობაში შეძლო. იანისმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და ფინალებისMVP-იც დაიმსახურა. 26 წლის ბერძენმა კალათბურთელმა ფინალების სერიაში საშუალოდ 35.2 ქულა და 13.2 მოხსნა დააგროვა.
„მინდა „მილუოკის“ მადლობა გადავუხადო, რადგან მენდო. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდელებს. მათ ყველა თამაშში უდიდესი შრომა ჩადეს. მე ვენდობოდი ამ გუნდს და მინდოდა ჩემპიონი აქ გავმხდარიყავი. ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელით“, – განაცხადა იანისმა ტიტულის მოპოვების შემდეგ.
„ფინიქსის“ მხრიდან მე-6 მატჩში საუკეთესო კრის პოლი იყო, რომლის ანგარიშზეც 26 ქულაა. 19 ქულა დააგროვა დევინბუკერმა, ჯეი კრაუდერმა კი 15 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. „ბაქსის“ მხრიდან კი სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა ჯრუ ჰოლიდეის – მან 12 ქულა, 11 გადაცემა და 9 მოხსნა მიითვალა.