45 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - სარაგბო კლუბმა „ლოკომოტივმა“ პირველი ტიტულის მოპოვება აღნიშნა #1TVSPORT
სარაგბო კლუბის, თბილისის „ლოკომოტივის“ ისტორიული გამარჯვებიდან 45 წელი გავიდა – ქართულმა კლუბმა 1978 წლის 5 ნოემბერს საბჭოთა კავშირის თასის ფინალში მოსკოვის „სლავა“ 30:3 დაამარცხა და ტიტულს პირველად დაეუფლა.
ამასთან დაკავშირებით, „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე ვეტერანი მორაგბეები შეიკრიბნენ და ისტორიული გამარჯვება აღნიშნეს. თასის მფლობელები რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ საპატიო პრიზებით დააჯილდოვა.
ვეტერანი მორაგბეების აზრით, თასის მოპოვებამ ქართული რაგბის განვითარებას დიდი ბიძგი მისცა. ამის შემდეგ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა სამჯერ ქუთაისის „აიამ“ იზეიმა, ორჯერ კი თასს დაეუფლა. ამ საფუძვლებზე ჩამოყალიბდა საქართველოს ნაკრები, რომელმაც ზედიზედ ექვსჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.
თბილისის „ლოკომოტივს“, რომელიც, რეალურად, მაშინ სამოყვარულო კლუბი იყო და ფინანსურად უჭირდა, ამჟამად საკუთარი თანამედროვე საწვრთნელი ბაზა და რაგბის აკადემია გააჩნია, სადაც ორასამდე ბავშვი ვარჯიშობს.