4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს

11:38, 01.07.2026

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით 4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებებით კონკრეტულ მარშრუტებზე მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი ორჯერ გაიზრდება.

„4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ცვლილებებით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ გლდანის მიკრორაიონებისკენ, ვაკიდან საბურთალოს მიმართულებით და საბურთალოდან ვაკის მიმართულებით მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი ორჯერ გაიზრდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო აქტიურად განაგრძობს მსგავს ცვლილებებს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება შეძლონ უფრო სწრაფად და კომფორტულად.

მსგავსი