3X3-ზე საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა გუნდი ზაფხულის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საგზურის მფლობელია
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) 3X3 კალათბურთის მიმართულების მენეჯერის რობერტ რიბლინგერის მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი მიიღეს.
„გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ, კერძოდ 3 X 3 კალათბურთის 18-წლამდელ ვაჟთა გუნდმა წარმატებით გაიარა კვალიფიკაცია და მოიპოვა ლიცენზია ბუენოს აირესში (არგენტინა) 2018 წლის ზაფხულის მე-3 ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში საასპარეზოდ“,-ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს პაატა გურასპაულსა და 3X3 კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს გიგა გურგენიძეს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ესწრებოდნენ ,მზადების ეტაპების შესახებ ისაუბრეს.
საქართველომ სპორტის გუნდურ სათამაშო სახეობაში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია პირველად მოიპოვა.