38 წლის შემდეგ - „ფეიენოორდი“ - „დინამო“ | სტამი ტრანსფერებით უკმაყოფილოა - ნარინჯისფერები ფეიენოორდში
38 წლის შემდეგ - „ფეიენოორდი“ - „დინამო“ | სტამი ტრანსფერებით უკმაყოფილოა - ნარინჯისფერები ფეიენოორდში

8 აგვისტოს, თბილისის „დინამო“ უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას როტერდამში, „ფეიენოორდის“ წინააღმდეგ გამართავს. 38 წლის შემდეგ თბილისური გუნდი „ფეიენოორდს“ მეორედ დაუპირისპირდება.

მატჩს, რომელიც თბილისის დროით 21.30 დაიწყება, უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 42 წლის სერღი ბოიკო გახლავთ.

მესამე დღეა, „დინამო“ ჰოლანდიაშია და თამაშისთვის ემზადება. გუნდის ლიდერ ლევან შენგელიას ბოლო ვარჯიშზე ფეხი ატკივდა, თუმცა სერიოზული არაფერია – ლევანი მაინც მოედანზე დარჩა და გუნდთან ერთად ბოლომდე ივარჯიშა. ყველა სხვა მოთამაშე სრულ წესრიგშია.

„ფეიენორდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე იაპ სტამის (რომელიც „მილანში“ კახა კალაძის თანაგუნდელი იყო) დებიუტი წარუმატებლად შეფასდა – ჰოლანდიის ჩემპიონატის ახალ სეზონში „ფეიენოორდმა“ როტერდამულ დერბიში თანაქალაქელ „სპარტასთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა – 2:2.

იაპ სტამის თქმით, თბილისის „დინამოსთან“ რამდენიმე ლიდერი ვერ ითამაშებს, ზოგიერთის (ნიკოლაი იორგენსენი, იენს ტორნსტრა, დილან ვენტე, სვენ ვან ბეკი და ერიკ ბოტეგინი) მოედანზე გასვლა კი საეჭვოა.

თუმცა, როტერდამელები თამაშს პლუსებითაც ხვდებიან – გუნდმა ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელ სტევენ ბერგიუისთან კონტრაქტი კიდევ სამი წლით გაახანგრძლივა, „ლივერპულიდან“ კი იჯარით შოტლანდიის ახალგაზრდული ნაკრების მცველი ჯორჯ ჯონსტონი დაიმატეს, რომელიც „ენფილდზე“ 10 წლის ასაკიდან იზრდებოდა. ინგლიუსურ კლუბთან გარიგება 500 ათასი ფუნტი სტერლინგი დაჯდა.

თუმცა, ჯონსტონი „დინამოსთან“ განაცხადში ვერ მოხვდა.

თამაშამდე „ფეიენოორდში“ არც ისე სასურველი ატმოსფეროა, რაზეც იაპ სტამის კომენტარები მეტყველებს. „დინამოსთან“ მატჩამდე გუნდმა გერმანულ „მაინცში“ ჯერი სენ ჯუსტი 7,5 მილიონ ევროდ გაუშვა, რამაც სტამი აღაშფოთა: „არ შეეძლო კლუბის მენეჯმენტს მოეთმინა? მსურდა, რომ ის დარჩენილიყო და „დინამოსთან“ ეთამაშა. საერთოდ, მიკვირს ის, რაც ახლა კლუბში ხდება. ამ ვითარებაში ბევრი არაფრის გაკეთება არ შეიძლება“.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულში როტერდამელებმა 12 ფეხბურთელი გაუშვეს, მათ საფასურად კი 16,5 მილიონი ევრო მიიღეს. ყველაზე მეტი თანხა ტონი ვილენას ტრანსფერში გამოიმუშავეს – ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველში რუსულმა „კრასნოდარმა“ 9 მილიონი ევრო გადაიხადა. ამ 12 წასულის ნაცვლად სტამმა 8 ფეხბურთელი დაიმატა, თანხა კი კლუბმა მხოლოდ ჯონსტონის იჯარაში გადაიხადა.

ერთ-ერთი ახალწვეული „ეინდჰოპვენისა“ და „სუონსის“ ყოფილი ფლანგის თავდამხმელი, ჰოლანდიის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი (16 მატჩი, 4 გოლი) ლუსიანო ნარსინგია – საინტერესოა, რომ მისი ძმა, ფურელ ნარსინგი, ერევნის „არარატ-არმენიაში“ თამაშობს და 6 აგვისტოს „საბურთალოს“ წინააღმდეგ ერთ-ერთი გამორჩეული იყო. საინტერესოა, რომ „არარატ-არმენია“ თბილისში „საბურთალოს“ 14 აგვისტოს შეხვდება, ხოლო „ფეიენოორდი“ „დინამოსთან“ საპასუხოი მატჩზე 15 აგვისტოს ჩამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძმები ნარსინგები ერთმანთს ჩვენს ქალაქში შეხვდებიან.

„სუონსიდან“ როტერდამელებმა ჰოლანდიის ნაკრების კიდევ სამი წევრი დაიმატეს: ცენტრალური ნახევარმცველი ლეროი ფერი (7 მატჩი, 1 გოლი) და 24 წლის მცველი რიკ კარსდორფი (3 მატჩი), რომელიც იჯარით „რომადან“ მიიწვიეს. „ფეიენოორდში“ ასევე დაიმატეს ნახევარმცველები ლაიამ კელი („რედინგი“, ირლანდიის ნაკრები) და რენატო ტაპია („ვილემ 2“, პერუს ნაკრები – 49 მატჩი, 3 გოლი).

გერმანულმა სამენჯერო ინტერნეტ-სააგენტომ „ფეიენოორდის“ მოთამაშეთა ტრანსფერების ჯამური ღირებულება 83,83 მილიონ ევროდ შეაფასა, ხოლო „დინამოს“ შესაბამისი მაჩვენებელი – 6,7 მილიონ ევროდ. ჰოლანდიელთა რიგებში ყველაზე ძვირადღირებული ჰოლანდიის ნაკრების თავდამსმხელი (14 მატჩი) სტევენ ბერგეისია – 12 მილიონი ევრო. „დინამოში“ ყველაზე ძვირადღირებული ლევან შენგელიაა (0,5 მილიონი ევრო).

8 აგვისტოს „დე კუიპზე“ თბილისის „დინამოს“ ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველები, „დინამოს“ ფან-კლუბიდან 100-მდე წევრი და ბელგიური „გენტის“ ლეგიონერები გაამხნევებენ – გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია და გიორგი ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ „დინამო“ – „ფეიენოორდის“ წყვილში გამარჯვებული ევროპა ლიგის პლეიოფში, „ნორჩოპინგსა“ (შვედეთი) და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ (ისრაელი) შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩები 22 და 29 აგვისტოს შედგება.

როტერდამიდან „ფეიენოორდისა“ და თბილისის „დინამოს“ შორის ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.